საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№666აპ-16 ქ. თბილისი
კ. გ-ი, 666აპ-16 2 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით გ. კ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გ. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
· 2013 წლიდან - 2016 წლის 23 თებერვლამდე, დროის სხვადასხვა პერიოდში, ჭ-ის მ-ის სოფელ რ-ის საჯარო სკოლის პედაგოგი - გ. კ. წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელსმიუღწეველი მოსწავლეების: ს. ჩ-ის (დაბ. --2005 წ.), მ. ს-ისა (დაბ. --.2004წ.) და ნ. ხ-ის (დაბ. --.2002წ.) მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, კერძოდ, განმარტოებით შეჰყავდა ისინი, ძირითადად, სკოლაში, თავის სამუშაო კაბინეტში, სადაც ეფერებოდა, კოცნიდა მათ ყელის, სახისა და შიშველი მკერდის არეში. ასევე შიშველ სასქესო ორგანოებზე ამყარებდა სხვადასხვაგვარ კონტაქტს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და გ. კ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ იგი არის უდანაშაულო და სამმა ე.წ. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მოწმემ იცრუა, ვინაიდან ისინი იყვნენ დარიგებულები. დასახელებული მოწმეების ასაკი გამორიცხავს წლების განმავლობაში მათ მიერ საიდუმლოს შენახვის შესაძლებლობას. მათი განმარტებით, გ. კ. სამუშაო ოთახს მუდამ ღიას ტოვებდა. ამდენად, გაუგებარია, თუკი იგი ბრალად შერაცხული განზრახვით ნამდვილად მოქმედებდა, რატომ არ ითვალისწინებდა უეცრად სხვა პირის ოთახში შესვლის შესაძლებლობას. კასატორის განცხადებით, სკოლის დირექტორი პ. ვ. 2007 წლიდან სდევნიდა მას, ვინაიდან მის კანდიდატურას დირექტორის თანამდებობაზე მხარს არ უჭერდა. პ. ვ-ემ მისი სკოლიდან გაშვებაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, საქმის ვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვის გამო. კასატორის პოზიციით, მისი ბრალდება „დაწერილი სცენარია.“ მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები პედაგოგებზე არიან დამოკიდებულნი და მათ მიმართ მომეტებული ნდობა და მორჩილება გააჩნიათ.
6. კასატორის მითითებით, ს. ჩ., მ. ს. და ნ. ხ. თანაკლასელებისაგან გამორჩეულად მორიდებულნი არიან. აღნიშნული გარემოება შესამჩნევი იყო დაკითხვის დროს. ეს თვისება სკოლის პედაგოგებმა, დირექტორმა გამოიყენეს და ბავშვები დაარიგეს, ხოლო მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. გამოძიების სტადიაზე არ დაიკითხა ზ. ს., რომელმაც გ. კ-ეს სკოლიდან წასვლის შემთხვევაში ბავშვებზე ზეწოლის ფაქტების გაუხმაურებლობას შეჰპირდა. კასატორი სკოლაში 1986 წლიდან მუშაობს, მას ბავშვები ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე დაჰყავდა და, შესაბამისად, თუ ბრალადშერაცხული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამებოდა, გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ გამომჟღავნდა. ამასთან, გ. კ-ის მიერ გამოყენებული დუმილის უფლება მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, კასატორი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებით და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17, №258აპ-16). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
9. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დაზარალებულმა მოწმეებმა აშკარად იცრუეს, ვინაიდან სკოლის დირექტორისა და პედაგოგების მიერ იყვნენ დარიგებულები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის დასახელებული პოზიცია და აგრეთვე დასაბუთებულია დაზარალებულთა ჩვენებაში ეჭვის შეტანის უსაფუძვლობა. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს ეფუძნება და მასში ბრალდებულის მიერ გამოყენებული დუმილის უფლების საწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი არ იკვეთება.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე