საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№6აპ-17 ქ. თბილისი
ლ-ე ზ, 6აპ-17 19 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ზ. ლ-ის, ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. გაუქმდა ზ. ლ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, .. კვ.მ. საერთო ფართობის მიწის ნაკვეთს (მდებარე ზ-ში, კ-ის ქ. №..-ში, ზონა – ზ-ი, კოდი – .., სექტორი – ზ-ი, კოდი – .., კვარტალი – .., ნაკვეთი – .., კოდი – .., საკადასტრო კოდი –...) მოეხსნა ყადაღა.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ლ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზ. ლ-ე და მ. კ-ე ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლიდან. 2014 წლის ნოემბრიდან ზ. ლ-ე მ. კ-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია მ. კ-ის ფსიქიკური ტანჯვა. ასევე 2015 წლის 8 ივლისს ზ-ში, სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზ. ლ-ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. კ-ეს, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა მკლავზე, დაუჭირა ხელები, კვლავ დაარტყა, უკან წააღებინა ხელები და ისევ დაარტყა ზურგის არეში. როდესაც მ. კ-ე ცდილობდა ხელების გათავისუფლებას, მან ფეხი მიარტყა საწოლს. ამ დროს მ. კ-ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ზ. ლ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ მეუღლეთა შორის კამათს ოქროს ნივთების დალომბარდებასთან დაკავშირებით; ზ. ლ-ეს მეუღლესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დღემდე ფინანსურად ეხმარება დაზარალებულს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ზურაბ ლუტიძისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #456აპ-16, #456აპ.-14), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებას, რომ მეუღლეებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა მხოლოდ კამათს. გარდა თავად დაზარალებულისა, მოწმეებმა: ე. ხ-მა და ს. კ-ემ დაადასტურეს, რომ 2015 წლის ივლისში მ. კ-ეს მეუღლემ – ზ. ლ-ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე მამუკა კამლაძემ აჩვენა, რომ 2015 წლის 10 ივლისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ზ. ლ-ის მიერ მ. კ-ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე და შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაატკიცა სასამართლომ.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 21 ივლისის №004236815 დასკვნის თანახმად, მ. კ-ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ნ-ემ.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე