საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №182აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი თ, 182აპ-17 17 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ა და მსჯავრდებულ პ. ი-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით:
პ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 ივნისიდან.
თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 9 ივნისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - პ. ი-ა და თ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2007 წლის 2 ოქტომბერს თ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 8 მაისს თ. მ-ი გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით, კალენდარულად.
2015 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. თ-ი, კ-ს გზატკეცილის მე-8 კილომეტრზე, ნაკვეთ №-ში მდებარე შპს ,,ზ-ს” კუთვნილ შენობაში არსებულ საყარაულო ოთახში, თ. მ-ი, რომელიც წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და პ. ი-ი, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ. ა-ს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს შპს ,,ზ-ს” ეზოში გაჩერებული, მ. ა-ს კუთვნილი ,,ოპელ ვექტრას” ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით №, ღირებული 2500 ლარად, ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 160 ლარად და შპს ,,ე-ს” კუთვნილი, ე. წ. ,,კომპრესორი”, ღირებული 100 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. მ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-ა, ასევე მსჯავრდებულმა პ. ი-ა.
მსჯავრდებულმა თ. მ-ა და მისმა ადვოკატმა ნ. მ-ა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულმა პ. ი-ა განმარტა, რომ ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ქურდობაში თავს ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან იგი შევიდა მოსაპარად და არავინ დაუყაჩაღებია.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პ. ი-ა და თ. მ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებით, მოწმეების - მ. ა-ს, დ. ლ-ს, გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. გ-ს, ო. ბ-ს, ზ. ა-ს, თ. ბ-ს, ი. ა-ს, გ. კ-ს, ნ. ჭ-ს, თ. თ-ს, ი. მ-ს, ბ. ნ-ს, თ. შ-ს, გ. ტ-ს, ე. ჭ-ს, ლ. ნ-ს, ვ. ო-ს, მ. ჩ-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, 2015 წლის 18 ივნისის № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 13 ივლისის № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 15 ივლისის № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 11 სექტემბრის № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 20 აგვისტოს № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 14 აგვისტოს № ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 14 სექტემბრის № ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პ. ი-ს განმარტება, რომ მან ჩაიდინა ქურდობა და არა - ყაჩაღობა, ვინაიდან დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მასზე თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენების თანახმად, იგი 2015 წლის 7 ივნისს სამსახურში თავისი მანქანით ,,ოპელ-ვექტრით’’ მივიდა. გამთენიისას ოთახში ეძინა, რა დროსაც წელზემოთ შიშველი მამაკაცი შევიდა, რომელსაც თავისივე ლურჯი მაისურით ჰქონდა აფარებული ნიღაბი და მანქანის გასაღები მოსთხოვა. აიძულებდა, რომ დაწოლილიყო, თავზე ,,ადიელაც’’ დააფარა. ამ დროს მეორე პირი ,,კლეჩატი საროჩკით’’ კარს უკან იდგა. შემდეგ იმ პირმა მაგიდიდან მისი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. მ. ა-მ განმარტა, რომ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით წამოდგა, თუმცა იქ მყოფი მამაკაცი დაემუქრა - ,,მანქანის გამო თავს ნუ მომაკვლევინებო’’, მაგრამ მან თავდამსხმელს ხელი ჰკრა და შუქი აანთო. თავდამსხმელმა სეიფზე დანა დაინახა, აიღო და მოკვლით დაემუქრა, თან მანქანის გასაღებს სთხოვდა. მ. ა-მ გაქცევა სცადა, რა დროსაც კარს უკან მდგომმა პირმა გაუწია წინააღმდეგობა. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მაინც გაიქცა, თუმცა დაედევნენ, ერთმა ზურგში წიხლი ჩაარტყა, რის გამოც წაიქცა. შემდეგ წიხლებით განაგრძეს მისი ცემა, კვლავ მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთს ხელით ეჭირა, რომ თავი არ მიებრუნებინა და სახე არ დაენახა. ამ პირმა დანის ყუა ჩაარტყა თავში, მუცელშიც ცდილობდა დარტყმას, თუმცა მ. ა-მ წინააღმდეგობა გაუწია და დანა გატყდა. მეორე პირი, რომელიც ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობდა, წიხლებს ურტყამდა. შემდეგ მუშტების ცემით შეიყვანეს ოთახში, სადაც კვლავ განაგრძეს მისი ცემა. რადგან დანა აღარ ჰქონდათ, ნიღბიანი პირი ქანჩით ემუქრებოდა. ბოლოს იძულებული გახდა მიეცა ავტომანქანის გასაღები. მეორე პიროვნება მანქანასთან დარჩა, ხოლო ნიღბიანმა კაპრონის თოკით გაკოჭა საწოლზე და სახრახნისით კვლავ სიკვდილით ემუქრებოდა. აფრთხილებდნენ, რომ პოლიციაში არ დაერეკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლ-შვილის გამწარებით ემუქრებოდნენ. საბოლოოდ, მანქანა წაიყვანეს და წავიდნენ, თუმცა დილით ეზოში ურიკა ნახეს და გაირკვა, რომ გარდა მისი მანქანისა, რომელშიც სამუშაო იარაღები ეწყო, თავდამსხმელებს გაფუჭებული ,,კომპრესორიც’’ წაეღოთ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ. ა-მ, რომელსაც დაყაჩაღების შესახებ დაზარალებულმა ტელეფონით აცნობა. მოწმე დ. ლ-ს ჩვენების მიხედვით კი დადგენილია, რომ მუშაობს შპს ,,ე-ი”. ზუსტი დრო არ ახსოვს, თუმცა როდესაც ის გამოცხადდა სამსახურში, შპს-ს კუთვნილ ტერიტორიაზე დახვდა საპატრულო პოლიცია. თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ თავდასხმა მოხდა მეზობელი ტერიტორიის დარაჯზე, რომლისგანაც წაიყვანეს ავტომანქანა. ეზოს დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მათი 100 ლარად ღირებული, დაზიანებული ,,კომპრესორიც” იყო წაღებული.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ თ. მ-ს ადვოკატის მოსაზრება, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს თ. მ-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ყაჩაღობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, არის ორობიექტიანი დანაშაული. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე - მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. ამასთან, ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს, ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება, რაც განსახილველ შემთხვევაში არის წარმოდგენილი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა წარსული ცხოვრება და მსჯავრდებულებს - პ. ი-ა და თ. მ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელები.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-ა და მსჯავრდებულმა პ. ი-ა.
მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ს გამართლებას.
მსჯავრდებული პ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებისთვისაც პ. ი-ა და თ. მ-ს მსჯავრი დაედოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.#789აპ-09;207აპ-13;321აპ-14).
8. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებას არ ადასტურებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ორივე მსჯავრდებულთან მიმართებით მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე (მოწმეთა ჩვენებებსა თუ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებზე), რომლებიც უტყუარად ადასტურებენ თ. მ-ა და პ. ი-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ა და მსჯავრდებულ პ. ი-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი