შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№58აპ-17 8 ივნისი, 2017 წელი
ხ-ე რ, 58აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით რ. ხ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, ა-ის რაიონის სოფელ შ-დან დაბა ადიგენის მიმართულებით კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ 2107-ით“ სახელმწიფო ნომერი … მოძრაობდა ა-ის რაიონის სოფელ -ში მცხოვრები მთვრალი რ. ხ-ე, რომელმაც ბ…ი-ა..ის ცენტრალური საავტომობილო გზის 141-ე კილომეტრზე, კერძოდ, სოფელ ბ-ის მახლობლად, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-18 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ არ შეასრულა და შეეჯახა გზის ნაპირზე ქვეითად მოსიარულე, ა-ის რაიონის სოფელ -ში მცხოვრებ ლ. გ-ეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
2. აღნიშნული ქმედებისათვის რ. ხ-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. მასვე ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ, 3 წლით ავტომობილის მართვის უფლება. რ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 23 ივნისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ხ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ-მა.
4. მსჯავრდებულმა რ. ხ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა დაზუსტებული პირობით ითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, რომან ხ-ისათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სასჯელის ერთი მესამედის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - პირობით ჩათვლა, ხოლო დარჩენილი ნაწილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ალტერნატივის სახით მათ ითხოვეს დანიშნული სასჯელის ერთი წლით შემცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორების – მსჯავრდებულ რ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის განმარტებით, რ. ხ-ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან თავი დამნაშავედ ცნო და ჩადენილი ქმედება მოინანია. კასატორის მითითებით, რ. ხ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება გაუფრთხილებლობით დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. გასათვალისწინებელია, რომ რ. ხ-ემ დაზარალებული საავადმყოფოში თვითონ გადაიყვანა და დახმარება აღმოუჩინა. რაც შეეხება დაზარალებულ მხარესთან კონტაქტსა და ზიანის ანაზღაურებას, დაცვის მხარემ აღნიშნული არაერთხელ სცადა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ხ-ისათვის დანიშნული სასჯელის 6 წლამდე შემსუბუქებასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლას, ხოლო დარჩენილი ნაწილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა რ. ხ-ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. ხ-ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოწივია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
· რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ხ-ეს მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის, სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მხედველობაში იღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას, პატიების თხოვნას, გულწრფელ მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობასა და დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ. როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ს. ხ-ის, რ. ხ-ის, ვ. ხ-ისა და ს. ზ-ის დაკითხვის ოქმებით დგინდება, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისთანავე რ. ხ-ძე ავტომანქანიდან გადმოვიდა, თანმხლებ პირებსა და სლავიკ ხვიბლიანთან ერთად თავისავე მანქანაში ჩასვა ლ. გ-ე, წაიყვანა საავადმყოფოში და დატოვა ექიმებთან. აღსანიშნავია, რომ რ. ხ-ემ აღიარა და მოინანია დანაშაული. ამასთან, ქმედების ჩადენის შემდეგ მისი ქცევა მიუთითებს დანაშაულის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დისკრეცია შეზღუდულია არა მხოლოდ კონკრეტული სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზომის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრით (განსახილველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე), არამედ - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებთან შესაბამისობის გათვალისწინებითაც.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიების, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დამნაშავის მიერ ქმედების ჩადენის შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რ. ხ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სანქციის მინიმუმი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ, 3 წლით ავტომობილის მართვის უფლება.
4. რ. ხ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 23 ივნისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე