საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№15აპ-17 ქ. თბილისი
შ-ა ა, 15აპ-17 5 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. შ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ-სა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით ა. შ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ა. შ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 26 ივლისიდან. გაუქმდა მსჯავრდებულ ა. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის N… განჩინებით 20000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ქ. შ-ას საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ....) მოეხსნა ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 16 აგვისტოს ა. შ-ა ხ-ის რაიონის სოფელ ხ-ის ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე ზ-დან ხ-ის მიმართულებით „ოპელის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით …, მოძრაობდა. მან მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულება გადაწყვიტა, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, არ იყო ყურადღებით წინ, გვერდით და საპირისპირო ზოლზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა მიმართ, დაიწყო მოხვევა, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, სადაც მას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით, საკუთარ ზოლზე მოძრავი „ჰონდას“ მარკის მოტოციკლი, სახელმწიფო ნომრით AB-...., რომელსაც მართავდა დ. შ-ა. აღნიშნული ქმედებით ა. შ-ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მოტოციკლის მგზავრი ნ. ნ-ა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი დ. შ-ა, 2015 წლის 20 აგვისტოს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ა. შ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო-ტრასოლოგიური და კომისიური ავტოსატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოტოციკლის მძღოლის - დ. შ-ას ბრალეულობით, ვინაიდან იგი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. კომისიური ავტოსატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ თ. ჭ-ის ჩვენება უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, მაგრამ მასთან დაკავშირებული მსჯელობა განაჩენში ბუნდოვანი და გაუგებარია. თანაბარი პირობების არსებობის მიუხედავად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნას უპირატესობა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლო დაცვის მხარის მოწმის ჩვენების იმ ნაწილს იზიარებს რომელიც მას ხელს აძლევს, ხოლო მსჯავრდებულის გამამართლებელ ნაწილში კი არ იზიარებს. კასატორის მითითებით, მოსამართლემ აგრეთვე დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, როდესაც თავისი ინიციატივით განაჩენში უარყო პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არასწორად გადმოსცა მოწმე კ. კ-ას ჩვენება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სწორედ მოტოციკლის ხმამ აიძულა, ეზოდან გარეთ გამოეხედა, სინამდვილეში კ. კ-ამ სასამართლოში განმარტა, რომ იგი ხის ქვეშ იჯდა და გზას უყურებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მოტოციკლის მძღოლს ეცვა ე.წ. „ჩუსტი,“ რაც მოწმობს, რომ ის დარღვევით ატარებდა მოტოციკლს. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეში ყველა მოწმე, გარდა თავად ა. შ-სი, არის ირიბი მოწმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად კი, ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო საკონსტიტუციო გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ა. შ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და საკასაციო პალატის მიერ არც სავარაუდოა მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №505აპ-15).
8. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ თანაბარი პირობების არსებობის მიუხედავად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნას უპირატესობა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა ის ძირითადი მოტივები, რის გამოც ა. შ-ას მიმართ გასაჩივრებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად იქნა მიჩნეული. გადაწყვეტილებაში აგრეთვე მიეთითა, თუ რატომ არ შეეძლო სააპელაციო პალატას დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. შ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ-სა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე