გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-323-676-07 28 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჭ-ი-ს-ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ჭ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების უფლების აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წელს გარდაიცვალა მხარეთა დედა _ ლ. ჭ-ი, რომლის დანაშთი ქონება, ზეპირი შეთანხმებისამებრ, უნდა დარჩენოდა მოსარჩელის შვილ მ. ჭ-ს. მოსარჩელემ და მისმა შვილმა ფაქტობრივად მიიღეს სადავო მემკვიდრეობა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მხარეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. 2006 წელს დედის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება აღიდგინა ჯ. ჭ-ის დამ მ. ჭ-მა, რომელმაც არ მიუთითა, რომ ლ.ჭ-ს მის გარდა სხვა მემკვიდრეც ჰყავდა და მოსარჩელის წილიც უკანონოდ მიითვისა.
მ. ჭ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ჯ. ჭ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება გ. ჭ-ი-ს-ე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა დედის _ ლ. ჭ-ი-წ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებთან ერთად თანაბარ წილად, ქ.წყალტუბოს ნოტარიუსის 2006 წლის 13 ივლისს მ. ჭ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2006 წლის 3 ნოემბერს გ. ჭ-ი-ს-ის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისა და შენობის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჭ-მა და გ. ჭ-ი-ს-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით გ. ჭ-ი-ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გ. ჭ-ი-ს-ს, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ჭ-ი-ს-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს სააპელაციო საჩივრის შეტანა არ ეკრძალება, ამდენად, მას უფლება აქვს განახორციელოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება. ამასთან, მხარისათვის სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების აკრძალვის შემთხვევაში ილახება კერძო საჩივრის ავტორის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ვინაიდან ჩუქების საგანი, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გ.ჭ-ი-ს-ის საკუთრებაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ი-ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლა შემდეგ გარემოებათა გამო:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ის სარჩელი მ. ჭ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ქ.წყალტუბოს ნოტარიუსის 2006 წლის 13 ივლისს მ. ჭ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2006 წლის 3 ნოემბერს გ. ჭ-ი-ს-ის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისა და შენობის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გ. ჭ-ი-ს-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს რა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირთა წრეს, აღნიშნულ შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ისეთი პირის უფლებებს, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული მოსარჩელედ, მოპასუხედ ან თანამონაწილედ, არც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და არც უფლებამონაცვლედ ასეთ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რადგან დარღვეულია მხარის კანონით გარანტირებული უფლება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.
მოცემულ შემთხვევაში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რა ქ.წყალტუბოს ნოტარიუსის 2006 წლის 3 ნოემბერს გ. ჭ-ი-ს-ის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისა და შენობის ჩუქების ხელშეკრულება, სარჩელის დაკმაყოფილება მ. ჭ-თან ერთად შეეხო გ. ჭ-ი-ს-ის კანონიერ ინტერესებსაც, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ი-ს-ე უფლებამოსილი იყო სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჭ-ი-ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.