შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 75აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ა გ, 75აპ-17 4 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – შმაგი გობეჯიშვილის
ადვოკატების – მ. წ-ს, ი. გ-ს
მსჯავრდებულების - ს. თ-ს, ო. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-ს, ო. მ-ა და ს. თ-ს ბრალად დაედოთ შემდეგ დანაშაულთა ჩადენა:
· ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
· თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თ-ი, რ-ს გამზირის №-ში მდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-მ, ს. თ-ა და ო. მ-ა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იარაღების გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ნ. კ-ს, რომელსაც ადგილზე გასტაცეს კუთვნილი ,,ეკოლ მაჟორის” ფირმის პისტოლეტი, ღირებული 200 (ორასი) ლარად. აღნიშნულის შემდეგ იგი ჩასვეს ო. მ-ს კუთვნილი ,,BMW-ს” ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ... და წაიყვანეს ქ. თ-ი, წ-ს ქუჩა №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვ-ს ხეობაში, სადაც გასტაცეს თანხა - 25 (ოცდახუთი) ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით ო. მ-ი, ს. თ-ი და გ. ხ-ა ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 143-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა დათუკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განაჩენი გაუქმდა.
ს. თ-ი - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; ს. თ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ს. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ს. თ-ს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2015 წლის 26 ივლისიდან - 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ხ-ა - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გ. ხ-ს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2015 წლის 26 ივლისიდან - 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ო. მ-ი - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; ო. მ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3200 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ო. მ-ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2015 წლის 26 ივლისიდან - 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-ა, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა რეხვიაშვილმა.
6. მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. წ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელ განაჩენში ნათლად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სააპელაციო პალატამ საქმის მასალებთან შეუსაბამო და არაადეკვატური ვერდიქტი გამოიტანა; სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენება და საერთოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევია არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის და აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, რაც ნათლად მეტყველებს მის პიროვნებასა და მის მიერ მსჯავრდებულების წინააღმდეგ მიცემული ჩვენების არასანდოობაზე.
7. მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ო. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ. კ-ი ავტომანქანაში ჩაჯდა თავისი ნებით, ლაუნჯ-ბარ „ნ-ი“ მიცემული შეკვეთის საფასურის საკითხის გასარკვევად. დაზარალებულს ავტომანქანაში მისთვის არ უთქვამს, რომ იგი რამენაირად აიძულეს და არც დახმარება უთხოვია. ო. მ-ს საერთოდ არანაირი შეხება და კომუნიკაციაც კი არ ჰქონია დაზარალებულთან.
8. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამთა რეხვიაშვილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ო. მ-ს, ს. თ-ა და გ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ და მე-3 ნაწილის „ა’’, „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. დაზარალებულ ნ. კ-ს, მოწმეების - ქ. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. გ-ს, გ. ხ-ა და ექსპერტების ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
9. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-ა, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, მეგობრებთან - ლ. გ-ნ, გ. მ-ა და ქ. ბ-ნ ერთად მივიდა ლაუნჯ-ბარ „ნ-ი“. იქ მისთვის უცხო პირმა დაუწყო იარაღის დემონსტრირება. გავიდა, ავტომანქანიდან ამოიღო თავისი იარაღი, ჩაიდო უკან და თვითონაც „გაამარიაჟა“. რამდენიმე წუთში წამოვიდნენ, რადგან არ მოეწონათ სიტუაცია და დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ არაფერი შეუკვეთავთ. იქიდან წავიდნენ ბარ „კ-ი“. ბარიდან წამოვიდა ავტომანქანის ლუქის დასაკეტად. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, გვერდით გაჩერდა „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. N ..., საიდანაც გადმოსული, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ მასთან. კერძოდ, მის მხარეს მივიდა გ. ხ-ა, მძღოლის გვერდით სავარძელზე დაჯდა ს. თ-ი, ხოლო მესამე მისთვის უცნობი პირი იდგა გ. ხ-ნ. იარაღის მუქარით, მისი „ბარდაჩოკიდან“ ამოიღეს მისი კუთვნილი იარაღი, უთხრეს, რომ „ჩაშვებული“ იყო კუს ტბიდან და მათ უნდა გაჰყოლოდა ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. თავისივე ფეხით გადმოვიდა მანქანიდან, შემდეგ ხელკავი გაუკეთა რომელიღაცამ და ჩაჯდა მანქანაში, რომლის მძღოლი იყო ო. მ-ი. გ.ხ-მ მისი იარაღი გზაში დაშალა და მასზე ამბობდა, რომ „იყო შარში და რითი თამაშობდა“. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული პირებისთვის ხელბორკილი არ შეუმჩნევია, არც პირადობის მოწმობები უჩვენებიათ და არც წინააღმდეგობა გაუწევია მათთვის, ვინაიდან ეგონა პოლიციის თანამშრომლები და ვერ ეტყოდა მათ, გაეჩერებინათ მანქანა. წავიდნენ წ-ს ქუჩაზე, ვ-ს ხეობაში. გზაში მას ემუქრებოდნენ, რომ წამალს ჩაუდებდნენ, ბჭობდნენ, წაეყვანათ თუ არა ნარკოლოგიურში, ეუბნებოდნენ რას „დაბლატაობდა“, „მიარტყეს-მოარტყეს“ და ა.შ.. დაზარალებულის განმარტებით, თან ფიქრობდა, რომ ეს პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თან ეჭვობდა, რომ არ იყვნენ. ვ-ს ხეობაში, კვლავ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ო. მ-ი იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან ერთად, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. საფულე მოსთხოვა უცნობმა პირმა, შემდეგ გადააწოდა ს-ს და შემდეგ დაუბრუნეს. უცნობმა პირმა ჯიბიდან ამოუღო თანხა - 25 ლარი. გადაუგდეს ავტომანქანის გასაღები, რაც გ.ხ-მ იპოვა და მიაწოდა. სთხოვდა დაეტოვებინათ მისთვის 5 ლარი ტაქსისთვის, თუმცა არ მისცეს და დატოვეს იმ ადგილზე. ფეხით ჩავიდა ბენზინგასამართ სადგურამდე, ხოლო შემდეგ დაბრუნდა ტაქსით. იმ ღამესვე დაურეკა ქ.ბ-ს და მოუბოდიშა, ასევე მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინა მეგობრებს - ლ. გ-ს და გ. მ-ს, დილით - დედამისს, ხოლო საღამოს გადაწყვიტა წასულიყო პოლიციის განყოფილებაში. ნ. კ-ს განმარტებით, ბევრჯერ დაარტყეს, ურტყამდნენ თავში და წელში, ძირითადად, გ. ხ-ა და მისთვის უცნობი პირი ურტყამდნენ.
3. საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ. კ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. თავად დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დაზიანებები არ ეტყობოდა, რის გამოც უარი განაცხადა შემოწმებაზე.
4. ლაუნჯ-ბარ „ნ-ი“ ყოფნის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა - ლ. გ-ა, გ. მ-მ და ქ. ბ-მ. გარდა მათი ჩვენებებისა, აღნიშნული ფაქტი დასტურდება ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერითაც. ჩანაწერში ასევე ჩანს ნ. კ-ს მანქანასთან დაბრუნება და ბარში შესვლაც. მოწმეებმა უარყვეს ლაუნჯ-ბარ „ნ-ი“ შეკვეთის მიცემის ფაქტი.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ. კ-ა მიუთითა ადგილი, კერძოდ - რ-ს გამზირის №-ის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი სუპერმარკეტ „ზ-ს“ შენობაში განთავსებულ რესტორან „ა-ს“ წინ, საიდანაც 2015 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, უცხო პირებმა იგი წაიყვანეს წ-ს ქუჩაზე და ის ადგილი, სადაც შემდეგ დატოვეს.
6. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია შემდეგი: პირი უახლოვდება „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მარცხენა მხრიდან, აღებს წინა მარცხენა კარს და ჯდება შიგ. ხსენებული ა/მანქანის მარცხნივ, დაახლოებით 2-3 მეტრში, ჩერდება ა/მანქანა ,,ბმვ”, ა/მანქანა ,,ბმვ-დან” წინა მარჯვენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აფარია კეპი. უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი. კეპიანი პირი მიდის ,,მერსედესის” წინა მარცხენა მხარეს და აღებს კარს, ხოლო მეორე პირი მიდის ,,მერსედესის” წინა მარჯვენა მხარეს და ჯდება წინა მარჯვენა მხარეს, შემდეგ ა/მანქანა ,,ბმვ-დან” გადმოდის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მიდის ა/მანქანა ,,მერსედესთან” და დგება კეპიანი მამაკაცის უკან. კეპიან მამაკაცს გადმოჰყავს ა/მანქანა „მერსედესის“ წინა მარცხენა მხრიდან ღია ფერის მაისურში ჩაცმული მამაკაცი. კეპიანს და მის უკან მდგომ მამაკაცს მიჰყავთ აღნიშნული პირი ა/მანქანა ,,ბმვ-სთან”, რომელსაც სვამენ უკანა მხარეს მარჯვენა მხრიდან. შემდეგ კეპიანი მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად ჯდება ა/მანქანა „ბმვ-ში” და მიემართებიან მ.ჯ-ს ქუჩაზე, მ-ს ქუჩის მიმართულებით.
7. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ. თ-ა, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო ავტომობილების სანომრე ნიშნების გარჩევა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია დადგინდეს, გამოძიებისათვის საინტერესო პირებს უჭირავთ თუ არა ხელში რაიმე საგნები და ე.წ. ჟილეტზე არის თუ არა რაიმე წარწერა.
8. ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ. კ-ა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო გ. ხ-ა, ს. თ-ი და ო. მ-ი.
9. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ. კ-ა, დადგენილია, რომ ნ. კ-ს მანქანის სალონის ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ამოღებულ შავი პლასტმასის ყუთისმაგვარი საგნის შიდა ქსოვილზე დაფიქსირდა რკინის მეტალიზაციის კვალი.
10. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს. ე-მ, დადგენილია, რომ ნ. კ-ს შარვლის ზედაპირიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ნაცრისფერ, პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებსა და ა/მანქანა „ბმვ-ს“ სავარძლის შალითის ქსოვილის ნიმუშის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერ პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება.
11. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ. ჩ-მ, დადგენილია, რომ ნ. კ-ს ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი დაფიქსირდა შარვალზე, წელის არეში წინა, მარჯვენა გარე მხარეს, ასევე - წინა მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში, ალაგ-ალაგ კონცენტრირებული, არასაგნობრივი გამოსახულებით. მაისურზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა.
12. ბრალდებულმა გ. ხ-მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2015 წლის 24 ივლისს, 01:00 საათამდე, იმყოფებოდა კ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლაუნჯ–ბარ „ნ-ი“, რომლის დამფუძნებელიც თვითონ არის. ბარში ესაუბრებოდა მეგობარ ს. თ-ს. ამ დროს მათთან მივიდა მომსახურე პერსონალის წარმომადგენელი ზ. ბ-ი და განუცხადა, რომ ვერცხლისფერი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანის მფლობელს, რომელიც მეგობრებთან ერთად ტოვებდა ბარს და ჯდებოდა ა/მანქანაში, შეკვეთის საფასური ჰქონდა გადასახდელი. მან თავის თანამშრომელს განუცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობა გაეგრძელებინა და ამ პრობლემას თავად მოაგვარებდა. აღნიშნულის შემდეგ ის, ს. თ-ი და ო. მ-ი ამ უკანასკნელის ა/მანქანით უკან გაყვნენ ვერცხლისფერ „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანას, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერ მოახერხეს მისი გაჩერება. მათ შეამჩნიეს, რომ ხსენებული ა/მანქანა გაჩერდა რ-ს გამზირზე მდებარე „ხ-ნ“, საიდანაც გადმოვიდა ოთხი პირი. ის და ს. თ-ი გადმოვიდნენ მანქანიდან, თუმცა ვერ შენიშნეს, სად წავიდა „მერსედესიდან“ გადმოსული ოთხი პირი, რის გამოც გადაწყვიტეს დაცდა. დაახლოებით 20 წუთში ახალგაზრდა ბიჭი მივიდა „მერსედესთან“ და ჩაჯდა. ამ დროს ის მივიდა მასთან, გაეცნო და ჰკითხა, ვინ იყო, იმყოფებოდა თუ არა კ-ე მდებარე ლაუნჯ–ბარ „ნ-ი“ და ჰქონდა თუ არა თანხა გადასახდელი, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა ლაუნჯ–ბარ „ნ-ი“ იმყოფებოდა, მაგრამ შეკვეთა არც მას და არც მის მეგობრებს არ მიუციათ, თუმცა სიტუაციაში გარკვევის მიზნით ის დასთანხმდა შეთავაზებას და გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა ბარში. იმავდროულად, ვინაიდან ნ. კ-ი იყო ნასვამი , მან ს. თ-ს უთხრა, რომ პოლიცია გამოეძახებინა, რაზეც ნ. კ-ა შეცვალა პოზიცია და განუმარტა, რომ არ სურდა პოლიციის ჩარევა, რადგან წარსულში პრობლემები ჰქონდა, ხოლო თანხას, თუკი რამე ჰქონდა გადასახდელი, აუცილებლად გადაიხდიდა მეორე დღეს. ვინაიდან ნ. კ-ი დასთანხმდა თანხის გადახდას, მათ საჭიროდ არ ჩათვალეს საპატრულო პოლიციის გამოძახება. მანქანა ნ. კ-ა გააჩერებინა ვ-ს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩავიდა მანქანიდან, ხოლო ის მეგობრებთან ერთად დაბრუნდა კ-ე. მეორე დღეს დაიბარეს ძველი თბილისის სამმართველოში, სადაც დახვდნენ უფროსები, უთხრეს, რომ ვიღაც უჩიოდა და უნდა მოეყოლა, რა მოხდა წინა ღამეს. ამის შემდეგ დაურეკა ს. თ-ს და ო. მ-ს, სთხოვა, რომ მისულიყვნენ განყოფილებაში, სადაც ისინი დააკავეს. მანვე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლის მაისური არ სცმია.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა - ს. თ-ა და ო. მ-ა. ს. თ-ა დამატებით განმარტა, რომ ის ნ. კ-ს ა/მანქანაში ჩაუჯდა, რომ მას მანქანა არ დაეძრა და ისევ არ დასჭირვებოდათ გამოდევნება. ისინი იარაღით არ დამუქრებიან და ნ. კ-ს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ვინაიდან ის ნასვამი იყო და ა/მანქანის საჭესთან ვერ ჯდებოდა, მათ შესთავაზეს საკუთარი ა/მანქანა, რათა ასულიყვნენ კ-ე და იქ გაერკვიათ გადასახდელი თანხის საკითხი. არანაირი იძულება მის მიმართ არ გამოუყენებიათ.
13. მოწმე ზ. ბ-ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 24 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ლაუნჯ–ბარ „ნ-ი“, სადაც ის მუშაობდა ბარმენის პოზიციაზე. დაახლოებით 01:00–02:00 საათისათვის ბარში შევიდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი იყო მდედრობითი სქესის. ისინი იყვნენ ნასვამები, მათგან ერთ–ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა - ნ. კ-ა, რომელსაც ეცვა თეთრი მაისური, შეუკვეთა კოქტეილი „ლონდ აილენდი“. იმდროს მას ეცვა მიმტანის უნიფორმა და მან ნ. კ-ნ მიიღო შეკვეთა. როდესაც მივიდა ჩეკის შესავსებად და „ლონდ აილენდის“ წასაღებად, შეამჩნია, რომ ის პირი, ვინც შეკვეთა მისცა, თავის მეგობრებთან ერთად ტოვებდა ბარს და ჯდებოდა ვერცხლისფერ „მერსედესში“. აღნიშნული შეატყობინა თავის უფროსს - გ. ხ-ს და დაცვის უფროსს - ს. თ-ს და უთხრა, რომ შეკვეთის თანხა არ იყო გადახდილი. გ. ხ-მ და ს. თ-ა განუცხადეს, რომ ეს არ იყო მისი პრობლემა და თავად მიხედავდნენ ამ საკითხს, მას კი გაეგრძელებინა მუშაობა.
14. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების გამართლების თაობაზე, ვინაიდან იგი არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
15. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას ძარცვის ნაწილში მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რომ მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენება და სხვა მოწმეების ირიბი ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. გ. ხ-ს, ს. თ-ა და ო. მ-ს მიერ (გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად) ნ. კ-ს კუთვნილი „ეკოლ მაჟორის” ფირმის პისტოლეტისა და 25 ლარის აშკარა დაუფლების ფაქტი ვერ დგინდება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, მეტალიზაციის კვალის დაფიქსირება, როგორც შავი პლასტმასის ყუთისმაგვარი საგნის შიდა ქსოვილზე, ისე - ნ. კ-ს ტანსაცმელზე, პირდაპირ არ მიუთითებს დაზარალებულის კუთვნილი იარაღის აშკარა დაუფლების ფაქტზე.
16. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა, მაგრამ არასწორად შეაფასა სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ხ-ა, ს. თ-ი და ო. მ-ი დაედევნენ ლაუნჯ-ბარ „ნ-ნ“ გამოსულ პირებს, ვინაიდან მათ არ გადაიხადეს შეკვეთის თანხა. სამივე მათგანმა მიუთითა, რომ იცოდნენ, თუ რის გამო მისდევდნენ შემდეგში დაზარალებულად ცნობილ პირს. როდესაც მსჯავრდებულებმა ნ. კ-ი იპოვეს, იგი გადმოიყვანეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან და ჩასვეს „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, რაც სააპელაციო პალატამ შეაფასა არა როგორც ნ. კ-ს ნებაყოფლობითი ქმედება, არამედ - მის იძულებად, რომ შეესრულებინა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება და გადამჯდარიყო მათ ავტომანქანაში.
18. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენებაზე, რომ მას მასთან მისული პირები ეგონა პოლიციის თანამშრომლები, რის გამოც მათთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის მიზეზადაც მათი მხრიდან ფსიქიკური ზეწოლა დაასახელა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მსჯავრდებულებს ნ. კ-ს არ აღუკვეთავთ სხვა რაიმე უფლება, გარდა უფლებისა, რომ დაზარალებულს აერჩია, წასულიყო თუ არა კონკრეტულ ადგილას; მსჯავრდებულებს არც ტელეფონი მოუთხოვიათ და, მით უმეტეს, არც შეუმოწმებიათ, ჰქონდა თუ არა მას ის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი მიზანი იყო არა დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არამედ მისი ქმედების, თავისი სურვილისამებრ გადაადგილების - თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს შეეზღუდა მიმოსვლის თავისუფლება ფსიქიკური იძულების გამოყენებით.
19. პალატამ დაასკვნა, რომ დაზარალებულს ჰქონდა გადაადგილების ობიექტური შესაძლებლობა, რადგან, მისი განმარტებით, ის მიიყვანეს თ-ი, წ-ს ქ. N-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვ-ს ხეობაში და იქ დატოვეს.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების ყველანაირი შესაძლებლობა (ჩაკეტილია ოთახში, დამწყვდეულია სარდაფში და ა.შ.). ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს. დანაშაულის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დაზარალებულს ჰქონდა გადაადგილების ობიექტური შესაძლებლობა, რადგან ის მიიყვანეს მდინარე ვ-ს ხეობაში და იქ დატოვეს, ვინაიდან თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას და იგი დამთავრებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი საკუთარი ნებით არ გაჰყვა მსჯავრდებულებს და უჩვენა, რომ ისინი მას წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, განუცხადეს, რომ იყო დაკავებული და მოსთხოვეს ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გაყოლა. ამიტომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისი ფეხით გადავიდა ავტომანქანიდან, შემდეგ რომელიღაცამ ხელკავი გაუკეთა, წაიყვანეს და ჩასვეს მათ ავტომანქანაში. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება ამ ნაწილში დამატებით დასტურდება ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერით, რომელიც სრულად თანხვდენილია მის ჩვენებასთან. ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ გ. ხ-ს, გამოძიებით დაუდგენელ პირსა და ს. თ-ს ნ. კ-ი ავტომანქანა „ბმვ-ს“ უკანა კართან და სვამენ მანქანაში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულებს მისთვის არ მოუთხოვიათ ტელეფონი, დაზარალებულმა უჩვენა, რომ იგი დაემორჩილა მათ მოთხოვნას, წინააღმდეგეობა არ გაუწევია, ვინაიდან ისინი ეგონა პოლიციის თანამშრომლები. შესაბამისად, მას საერთოდ არ უცდია ტელეფონით ვინმესთან დაკავშირება. ამდენად, ის ფაქტი, რომ მას ტელეფონი არ მოსთხოვეს, არ მიუთითებს იმაზე, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა ტელეფონით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების ქმედება წარმოადგენს არა იძულებას, არამედ - თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
22. ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში შემდეგი მაკვალიფიცირებელი ნიშნებით: სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და თითოეულ მათგანზე დაწვრილებით იმსჯელებს:
23. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2015 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თ-ი, რ-ს გამზირის №-ში მდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-მ, ს. თ-ა და ო. მ-ა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იარაღების გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ნ. კ-ს, რომელსაც ადგილზე გასტაცეს კუთვნილი ,,ეკოლ მაჟორის” ფირმის პისტოლეტი, ღირებული 200 (ორასი) ლარად. აღნიშნულის შემდეგ იგი ჩასვეს ო. მ-ს კუთვნილ ,,BMW-ს” ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ... და წაიყვანეს ქ. თ-ი, წ-ს ქუჩა №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვ-ს ხეობაში, სადაც გასტაცეს თანხა 25 (ოცდახუთი) ლარი.
· ვინაიდან მსჯავრდებულთა ქმედებებში არ დადასტურდა ძარცვის შემადგენლობა (იხ. სამოტივაციო ნაწილის მე-15 პუნქტი), შესაბამისად, გამოირიცხა, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება და, ამდენად, დადასტურებულია, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა მსჯავრდებულებს სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით არ ჩაუდენიათ.
· რაც შეეხება მეორე მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ესაა ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საკასაციო პალატას არაერთხელ აქვს განმარტებული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ქმედება ჩაითვალოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად (868აპ-10, 618აპ-15), კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.
საკასაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულთა ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ლაუნჯ-ბარიდან გამოსულ პირებს დაედევნენ იმ მიზნით, რომ მათ შეკვეთის საფასური არ გადაიხადეს, რის გამოც სურდათ ამ საკითხის გარკვევა. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მსჯავრდებულები ო. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით „ფეხდაფეხ“ დაედევნენ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა დაზარალებული ნ. კ-ი, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერ მოახერხეს მისი გაჩერება. მოგვიანებით მათ დაინახეს, რომ ხსენებული ავტომანქანა გაჩერდა რ-ს გამზირზე, ე-ს აღმართთან მდებარე რესტორანთან. ნ. კ-ი შევიდა იქვე მდებარე ბარში და როდესაც იქიდან გამოვიდა, ჩაჯდა ავტომანქანა „მერსედესში“. ამ დროს გ. ხ-ა გადმოვიდა „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანიდან, მივიდა დაზარალებულთან და გააღო მძღოლის კარი, ხოლო ს. თ-ი დაჯდა მძღოლის გვერდით, რათა მას არ დაეძრა ავტომანქანა და არ წასულიყო. შემდეგ ავტომანქანა „ბმვ-დან“ გადმოვიდა გამოძიებით დაუდგენელი პირი, ისიც მივიდა „მერსედესთან“ და დადგა გ. ხ-ს უკან. გ. ხ-მ ავტომანქანიდან გადმოიყვანა ნ. კ-ი და თვითონ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა იგი მიიყვანეს „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანასთან და ჩასვეს უკანა სავარძელზე, შემდეგ თავად გ. ხ-ა და მისი თანმხლები პირებიც ჩასხდნენ ავტომანქანაში და იგი დაიძრა მ-ს ქუჩის მიმართულებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, იმ მომენტში, როდესაც გ. ხ-მ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოიყვანა დაზარალებული და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჩასვა „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში, მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებულად, მაგრამ ეს შეთანხმება მათ შორის არ არსებობდა არც მაშინ, როდესაც მსჯავრდებულები დაედევნენ დაზარალებულს და არც იმ დროს, როდესაც გ. ხ-მ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დაიწყო, რადგან იგი მოქმედებდა ინდივიდუალურად და ჯგუფის დანარჩენი წევრები მოგვიანებით შეუერთდნენ მის მიერ დაწყებულ დანაშაულს. შესაბამისად, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებელი დაიწყებს ქმედების შემადგენლობის განხორციელებას, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
· და ბოლოს, მესამე მაკვალიფიცირებელი ნიშანი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს - გ. ხ-ა და ს. თ-ს ჰქონდათ იარაღები. იარაღის არსებობა არ დგინდება ვიდეოჩანაწერით და აღნიშნულს კატეგორიულად გამორიცხავენ მსჯავრდებულები. ასევე, არ არის დადასტურებული დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რადგან საქმეში არ მოიპოვება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ. კ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, ხოლო თავად დაზარალებულმა განმარტა, რომ მას დაზიანებები არ ეტყობოდა, რის გამოც უარი განაცხადა შემოწმებაზე. რაც შეეხება მუქარის შინაარსს, თვითონ დაზარალებული უთითებს, რომ ისინი დაემუქრნენ არა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არამედ - დაჭერით, „წამლის“ ჩადებითა და ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაყვანით.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას[1].
25. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ხ-მ, ს. თ-ა და ო. მ-ა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ვინაიდან სისხლის სამართლის კანონი ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ მიიჩნევს მის ჩადენას ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმების გარეშე.
26. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
27. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
28. თავისუფლების უკანონო აღკვეთა განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ს. თ-ი და ო. მ-ი წარსულში არ არიან ნასამართლევი, მართალია, მათ არ აღიარეს დანაშაული, მაგრამ თავიდანვე ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არ უარყვეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, მათი აზრით, მათი ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულს. საკასაციო პალატას მათი ოჯახური და ო. მ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სახის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ხარისხისა და როლის გათვალისწინებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიაჩნია მათთვის მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით - პირობით ჩათვლა; რაც შეეხება გ. ხ-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მან არ აღიარა დანაშაული, არის მითითებული დანაშაულის ორგანიზატორი და საკასაციო პალატის სხდომაზე თავი აარიდა გამოცხადებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად მას სასჯელი უნდა განესაზღვროს რეალურად მოსახდელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მსჯავრდებულების - ს. თ-ა და გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს, მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
3. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენში:
4. ს. თ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ს. თ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
6. ს. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
7. ს. თ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით.
8. ს. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
9. გ. ხ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
10. გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
11. გ. ხ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით.
13. გ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
14. ო. მ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
15. ო. მ-ს საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
16. ო. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
17. ო. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით.
18. ო. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
19. გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
20. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მსჯავრდებულების - ს. თ-ა და ო. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულებს - ს. თ-ა და ო. მ-ს დაევალოთ, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
22. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, პუნქტი 151 (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia), „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პუნქტი 48 (Hassan v The UK).