საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №235აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი ზ, 235აპ-17 20 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - ი. გ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. ლ-ა და ნ. ძ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 27 ივლისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 27 ივლისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
განაჩენით მსჯავრდებულების - ი. გ-ა და ზ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ზ. მ-ა ი. გ-ნ წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 800 ლარის სანაცვლოდ მ. დ-ე გაასაღა 0,0373 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება, კერძოდ: პირველი ნაწილი - 0,0263 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება 2015 წლის 13 ივლისს ზ. მ-ა და ი. გ-ა წინასწარი შეთანხმებით 400 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს მ. დ-ე, ხოლო მეორე ნაწილი - 0,011 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება ზ. მ-ა და ი. გ-ა წინასწარი შეთანხმებით, 2015 წლის 14 ივლისს 400 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს მ. დ-ე. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2015 წლის 13 და 14 ივლისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნებაყოფლობით ამოიღეს მ. დ-ნ, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც ითხოვეს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. მ-ა და ი. გ-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში გამართლება, მათი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა) დაკვალიფიცირება და აღნიშნული სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ. დ-ა არ უარყო, რომ ის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და გარკვეული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან. მან უჩვენა, რომ ი. გ-ა და ზ. მ-ს იცნობდა და მათგან ადრეც შეუძენია ნარკოტიკული საშუალებები. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მისული იყო მსჯავრდებულებთან და მათგან ორჯერ, 800 ლარის საფასურად შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. პირველად მას ნარკოტიკები ი. გ-ს მანქანაში გადასცა ზ. მ-ა და თანხა - 400 ლარი სწორედ მას გადასცა, ხოლო მეორე დღეს მისული იყო ი. გ-ნ სახლში, სადაც მან გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდ გადაუხადა 400 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ მან ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან და ფული, რომლითაც მან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, იყო სპეციალურად დამუშავებული.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ 2015 წლის 13 და 14 ივლისს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოვიდეოჩანაწერები, რომლებიც სრულად შეესაბამება მოწმე მ. დ-ს ჩვენებას და საიდანაც აშკარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ მ. დ-ე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ჩანაწერები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მასში არ ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულებმა მისცეს ურთიერთგამომრიცხავი, არადამაჯერებელი ჩვენებები და მათი შეფასებისას პალატა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მათ მართლაც გაასაღეს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, მსჯავრდებულებმა - ი. გ-ა და ზ. მ-ა არ უარყვეს მ. დ-ნ ნაცნობობის ფაქტი და უჩვენეს, რომ აუდიოჩანაწერებში ნამდვილად ისინი ფიგურირებენ. მათ მ. დ-ნ ერთად ადრეც შეუძენიათ ნარკოტიკული საშუალებები და მოუხმარიათ. რაც შეეხება მოცემულ ვითარებას, მ. დ-ა მათ პირველ შემთხვევაში, მანქანაში ნამდვილად გადასცა თანხა, მაგრამ ეს თანხა იყო მათი საერთო, რომლითაც უნდა შეეძინათ ნარკოტიკული საშუალებები. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 13 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, რადგანაც ი. გ-ი უჩვენებს, რომ არ იცის, რა ნარკოტიკული საშუალებაა ის, რასაც ჩანაწერის მიხედვით მანქანაში დემონსტრირებას უკეთებს მ. დ-ი და ის მ. დ-ს არც მას და არც ზ. მ-ს არ გადაუციათ, მაშინ, როდესაც ზ. მ-ი უჩვენებს, რომ მათ მ. დ-ნ ერთად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება და მოიხმარეს. გარდა ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისა, მსჯავრდებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება თვით აუდიოვიდეოჩანაწერს. კადრში ფიქსირდება, რომ მას შემდეგ, რაც მ. დ-ა მანქანაში ზ. მ-ს გადასცა 400 ლარი, ის მაქანიდან ჩამოსვეს და წავიდნენ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუ აღნიშნული პირები ადრეც ერთად ყიდულობდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და იმ დღესაც ერთად შეიძინეს, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას და დამაჯერებლობასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ მ. დ-ი მათ ადგილზე დატოვეს. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ბრუნდებიან, მ. დ-ი უჯდებათ მანქანაში და საუბარი იწყება ნარკოტიკულ საშუალებაზე, კერძოდ: მ. დ-ს გადასცემენ ნარკოტიკულ საშუალებას და იმ მომენტშივე იგი იწყებს ორ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების დემონსტრირებას და საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ზომით ოდნავ პატარა შეკვრებია, ვიდრე წინათ იყო. აქ საყურადღებოა მსჯავრდებულების რეაქცია, ზ. მ-ი მ. დ-ს ეუბნება: „ასე ნუ ათვალიერებ, გარეთ ტაქსი დადის“. ამდენად, ი. გ-ს ვერსია იმის თაობაზე, რომ მან არ იცოდა, მ. დ-ს რა ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა, რეალობას არ შეესაბამება და ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, თუ აღნიშნული თანხა საერთო იყო და მათ ადრეც ჰქონდათ ერთად ნარკოტიკული საშუალებები შეძენილი, ასეთ შემთხვევაში მ. დ-ს მსჯავრდებულების გარეშეც შეეძლო ნარკოტიკული საშუალების შეძენა.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა ი. გ-ა დაადასტურა, რომ მეორე დღეს, 14 ივლისს, მ. დ-ი მასთან ნამდვილად იყო მისული და გადასცა თანხა, რომელიც განკუთვნილი იყო არა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, არამედ ა. მ-ს გადასაცემად. პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა, ვინაიდან ფარული აუდიოვიდეოჩანაწერიდან დგინდება, რომ მ. დ-ი მისვლისთანავე გადასცემს ი. გ-ს 400 ლარს, მსჯავრდებული კი ეუბნება, რომ „ახლა არ შეუძლია და ცოტა ხანში მოვიდეს“. მსჯავრდებულის ჩვენება მთლიანად ამოვარდნილია კონტექსტიდან და არალოგიკურია, ვინაიდან თუ თანხა მხოლოდ გადასაცემად იყო განკუთვნილი, ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რა მიზეზით დაიბარა მსჯავრდებულმა მ. დ-ი. ჩანაწერიდან აშკარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. დ-ს მისვლისას გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომლის დემონსტრირება ამ უკანასკნელმა იქვე მოახდინა და უთხრა: „კარგი შეკვრები იყო“, რაზედაც ი. გ-ს რეაქცია არ ჰქონია და მხოლოდ ის უთხრა, რომ მასთან აღარ დაერეკა.
მსჯავრდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი დგინდება ი. გ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითაც, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულისგან ამოღებული ერთი 50-ლარიანი კუპიურა (ნომერი - ....), დაემთხვა გამოძიების მიერ მ. დ-ს ზ. მ-ნ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაცემული თანხიდან ერთ 50- ლარიან კუპიურას. მსჯავრდებულმა ი. გ-ა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს თანხა მ. დ-ა გადასცა დახურდავების მიზნით, რაც ყოველგვარ დამაჯერებლობას არის მოკლებული.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულები თავს დამნაშავედ ცნობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა - შენახვაში, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულების როგორც პირადი, ისე მათი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღიათ, ამასთან, მსჯავრდებულები უარყოფენ მ. დ-ე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარეს დაესვა შეკითხვა, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ცნობდნენ მსჯავრდებულები თავს დამნაშავედ, რაზედაც დაცვის მხარემ პასუხი ვერ გასცა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა. ნ-ა უჩვენა, რომ მან გამოძიება მ. დ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელშიც მითითებული იყო, რომ ი. გ-ი და ზ. მ-ი ნარკოტიკულ საშუალებებს იძენდნენ, ინახავდნენ და ასაღებდნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ ი. გ-ს დაკავებისას სწორედ იმ თანხიდან აღმოაჩნდა ერთ-ერთი კუპიურა, რომელიც მ. დ-ა მას საკონტროლო შესყიდვისას გადასცა.
ქიმიური ექსპერტიზის 2015 წლის 14-15 ივლისის დასკვნების თანახმად, მ. დ-ნ ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ოდენობა ერთ შემთხვევაში შეადგენს 0,0263 გრამს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 0,011 გრამს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ი. თ-მ, გ. უ-მ და ს. ც-მ.
ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის 2015 წლის 18 აგვისტოს დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეოგრამები ერთი მთლიანია, მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი, წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, კადრების გადაფარვა, ხოლო აუდიოგრამებზე მონტაჟის კვალი არ აღინიშნება.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ი. გ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. ლ-მ და ნ. ძ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. გ-ა და ზ. მ-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში გამართლებასა და მათი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას, როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლისთვისაც ი. გ-ა და ზ. მ-ს მსჯავრი დაედოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.#21აპ-10).
8. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. გ-ა და ზ. მ-ს ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ორივე მსჯავრდებულთან მიმართებით მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე (მოწმეთა ჩვენებებზე, ფარულ აუდიოვიდეოჩანაწერებსა თუ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებზე), რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ი. გ-ა და ზ. მ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ი. გ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. ლ-ა და ნ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი