საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2017
საქმის ნომერი
2კ-220აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №220აპ-17 ქ. თბილისი

წ-ი გ, 220აპ-17 9 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. წ-ს ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით გ. წ-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გ. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ყადაღა უნდა მოეხსნას გ. წ-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ, ნ. წ-ს (პირადი №....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - თ-ს რაიონის სოფელ ა-ი.

გ. წ-ს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. წ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. წ-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო პალატა დაეთანხმა თელავის რაიონული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას გ. წ-ს გამართლების შესახებ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებების ოქმების თანახმად, ჩხრეკისა და დაკავების დროს არ დასტურდებოდა ა. ს-ს იქ ყოფნის ფაქტი. საგულისხმოა შემდეგი გარემოებები: 2014 წლის 1 ოქტომბრამდე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები არ დაკითხულან, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 15 აგვისტოდან (გ. წ-ს დამატებითი დაკითხვა) გ. წ-ი უთითებდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზე და ასევე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისი პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა მითითებულ ადგილას. როგორც გ. წ-ს, ისე ზ. ა-ს პირადი ჩხრეკის ოქმების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, ასევე ა. ს-ე დაკითხეს 2014 წლის 13 აგვისტოდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ - 2014 წლის 1 ოქტომბერს და 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ წარადგინა გარკვეული მტკიცებულებები, რომლებშიც აღნიშნული იყო მითითებულ ადგილზე ა. ს-ს ყოფნის შესახებ. მართალია, ზ. ა-ს არ დაუნახავს გ.წ-ს შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, მისი ჩვენების თანახმად, აღნიშნული პირის პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა ჩხრეკის ოქმში მითითებულ ადგილზე. პირადი ჩხრეკის ოქმისა და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების მიხედვით, გ. წ-ა მათ გაუწია წინააღმდეგობა, რაც ასევე არ დაუდასტურებია ზ. ა-ს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზ. ა-ს ჩვენების შეფასების ნაწილში, სადაც აღნიშნავს, რომ ზ. ა-ი არის ბრალდების მხარის მოწმე და ასეთი პოზიციით თვითონ ბრალდება ხდის საეჭვოდ თავისი მტკიცებულების სანდოობას, ვინაიდან, თუ ზ. ა-ს ჩვენება ბრალდების მხარისთვის საეჭვოა, მაშინ რატომ უნდა იყოს სხვა მტკიცებულებები გასაზიარებელი, როდესაც პოლიციელებიც ბრალდების მხარეს წარმოადგენენ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეს შეუძლია, სადავო გახადოს საკუთარი მტკიცებულება და ამასთან, არა მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ, არამედ გამოკვლევამდეც. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, თუ რომელი მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენენ გ. წ-ი და ზ. ა-ი, არ შეიძლება გახდეს ამ მხარის ყველა სხვა მტკიცებულების გაუზიარებლობის ან მათში ეჭვის შეტანის საფუძველი. მართალია, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში არსებობს მცირე უზუსტობები, მაგრამ, ყველა მათგანის ჩვენების თანახმად, გ. წ-ს პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა ოქმში მითითებულ ადგილას. არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ მოხდა როგორც გ. წ-ს, ისე ზ. ა-ს გარკვეული დროით შეყოვნება, ან გ. წ-ი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს. ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ საქმეზე დართული ნივთი და ექსპერტიზის დასკვნა მიიჩნია უდავოდ, არ ადასტურებს გ. წ-ს ბრალეულობას. დაცვის მხარეს გააჩნდა გარკვეული პრეტენზიები ამოღებული ნივთის ზომიდან გამომდინარე შარვლის უკანა ჯიბეში მოთავსებასთან დაკავშირებით, რაც დარჩა გაურკვეველი.

დაცვის მხარის მიერ დასახელებულმა პირებმა - ბ. ღ-ა და ზ. თ-ა გამორიცხეს მითითებულ დროს მითითებულ ადგილზე ყოფნის ფაქტი, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება როგორც ზ. ა-ს, ისე დაცვის მხარის მოწმეების დაინტერესებულ პირებად და მათ მიერ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე არ იყო უსაფუძვლო დაცვის მხარის პრეტენზია, რომ არ ჩატარდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც გ.წ-ს და არც ზ.ა-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასების პროცესში უჩნდება გონივრული ეჭვი ჩხრეკის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად ვერ მიიჩნევს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ცრუ ჩვენებების მიცემისა და უკანონო ქმედებების ფაქტებს, რადგან აღნიშნულ გარემოებებს ვერ შეაფასებს მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში. ფაქტი გამოძიებასთან თანამშრომლობის მოთხოვნის თაობაზე ასევე უნდა დადასტურდეს სხვა გამოძიების პირობებში და არა აღნიშნული საქმის განხილვისას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მტკიცებულებების ირგვლივ არსებობს შეუსაბამობა. პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ ჩხრეკის და დაკავების ოქმებში არსებულ გარემოებებს, ხოლო თავად გ. წ-ი, ზ. თ-ი და დაცვის მხარის სხვა მოწმეები - ნ. წ-ი, გ. მ-ი და ზ. კ-ე უარყოფენ მითითებულ ადგილზე გ.წ-ს ჩხრეკის ჩატარების ფაქტს. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული პირები აძლევენ გ. წ-ს სასარგებლო ჩვენებას ნათესაური კავშირიდან და მეგობრული და ახლობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, ვერ გახდება მათი ჩვენებების უპირობოდ გაუზიარებლობის საფუძველი. საპირისპიროდ, არსებობს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც გამოძიებაშივე მიღებულ იქნა დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ. არც პირადი ჩხრეკის, არც დაკავების ოქმზე გ. წ-ს არ მოუწერია ხელი. იგი პირველივე დაკითხვიდან არ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაკავებიდან 2 დღეში მიცემულ ჩვენებაში დაასახელა მის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტები. ამ პირობებში გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ 2014 წლის 1 და 2 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომელთა პირველადი დაკითხვით და ბ. ღ-ა და ზ. თ-ს დაკითხვებით.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ გ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია, რასაც პალატა სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. წ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი