საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№304აპ-17 ქ. თბილისი
დ. ა-რ, 304აპ-17 27 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ა. დ-ი, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 4 მაისიდან.
2. ამავე განაჩენით ზ. ბ-ი, - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 375-ე მუხლზე და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 მაისიდან.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. დ-სა და ზ. ბ-ს ბრალად ედებოდათ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს; ასევე – ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, ა. დ-ი და ზ. ბ-ი მივიდნენ მეტროს სადგურ „რ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, მათთვის უცნობ გ. ფ-თან, გაუბეს საუბარი, გაეცნენ სხვა სახელებით და გამოართვეს „Lenovo S60“ ფირმის 600 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, თითქოსდა დასარეკად. ზ. ბ. საუბრის პროცესში თანდათანობით მოშორდა გ. ფ-ეს და წავიდა ზ-ის ქუჩით. ა. დ-მა უთხრა, ასეთი ჩვევა აქვს ტელეფონზე საუბრის დროსო. გ. ფ. გაჰყვა მას და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება. ზ-ის ქუჩაზე ა. დ-მა და ზ. ბ-მა უთხრეს, რომ ძალიან სჭირდებოდათ ფული და ტელეფონი ლომბარდში უნდა ჩაებარებინათ. თუ არ დასთანხმდებოდა, სცემდნენ და ტელეფონს წაართმევდნენ. თანხმობის მიღების შემდეგ გააფრთხილეს, რომ ლომბარდში ხმა არ ამოეღო და ელაპარაკა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამეს ჰკითხავდნენ. აღნიშნულის შემდეგ სამივე ტაქსით მივიდა თ-ში, პ-ის ქ. №--ში მდებარე შპს „კ-ში“ და მობილური ტელეფონი 130 ლარად ლომბარდში ჩააბარეს ა. დ-ის სახელით.
· ა. დ-მა, ზ. ბ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს, მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. მათ წინასწარ გაინაწილეს როლები და 2016 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, მივიდნენ თ-ში, ზ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „მ-ში“, მაგიდასთან მსხდარ, მათთვის უცნობ თ. ზ-სა და მ. დ-სთან. გოგონებს სამივემ დაუწყო საუბარი, რა დროსაც ა. დ-მა თ. ზ-ეს გამოართვა „Huawei honor-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, თითქოსდა, დასარეკად. ზ. ბ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გააგრძელეს გოგონებთან საუბარი ყურადღების მისაპყრობად. ტელეფონზე საუბრის პროცესში, მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზნით, ა. დ. თანდათან მოშორდა თ. ზ-სა და მ. დ-ეს, რომლებიც მიუხვდნენ მას განზრახვას, ადგნენ მაგიდიდან, დაუძახეს ა. დ-ს და მოსთხოვეს ტელეფონის დაბრუნება. შემდეგ იმავეს სთხოვდნენ ზ. ბ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს. თ. ზ. და მ. დ. გაჰყვნენ მათ ზ-ის ქუჩაზე, მაგრამ – უშედეგოდ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ა. დ., ზ. ბ. და დაუდგენელი პირი ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ ზ-ის ქუჩით და ტელეფონთან ერთად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 514 ლარისა და 96 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ზ. ბ-მა – დანაშაულის დაფარვა, ე.ი. მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ა. დ-მა განიზრახა, მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. 2016 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ა. დ. ზ. ბ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა თ-ში, ზ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „მ-ში“, მაგიდასთან მსხდარ, მათთვის უცნობ თ. ზ-სა და მ. დ-თან. საუბრის დროს ა. დ-მა თ. ზ-ეს გამოართვა „Huawei honor-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, თითქოსდა, დასარეკად. ზ. ბ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გააგრძელეს გოგონებთან საუბარი. ტელეფონზე საუბრის პროცესში, მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზნით, ა. დ. თანდათან მოშორდა თ. ზ-სა და მ. დ-ეს, რომლებიც მიუხვდნენ მას განზრახვას, ადგნენ მაგიდიდან, დაუძახეს ა. დ-ს და მოსთხოვეს ტელეფონის დაბრუნება. შემდეგ იმავეს სთხოვდნენ ზ. ბ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს. თ. ზ. და მ. დ. გაჰყვნენ მათ ზ-ის ქუჩაზე, მაგრამ – უშედეგოდ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ა. დ., ზ. ბ. და დაუდგენელი პირი ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ ზ-ის ქუჩით და ტელეფონთან ერთად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 514 ლარისა და 96 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
5. აღნიშნულ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ა. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული.
8. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამაზ მებონია შესაგებლით ითხოვს ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. დ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე