საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.10.2017
საქმის ნომერი
2კ-209აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№209აპ-17 ქ. თბილისი

მ. რ-ტ, 209აპ-17 3 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

რ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით. რ. მ., - - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. რ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 16 იანვრიდან.

მ. ო., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. მ. ო-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მ. ო-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

გ. ჩ., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გიორგი ჩანადირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გ. ჩ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

მ. - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. მ. ტ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მ. ტ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ. მ-ის, გ. ჩ-ის, მ. ო-სა და მ. ტ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

რ. მ-სთვის ცნობილი გახდა, რომ ვ. ც-მა მის ახლობელ ე. ა-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში მისი სახელით გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვითომდა რ. მ. სთხოვდა მას, რომ მისი ციხიდან გამოსვლამდე არ გათხოვილიყო. ამის გამო მან ვ. ც-ის დასჯა განიზრახა. 2015 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, რ. მ-მა ვ. ც. მ. ო-ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: თ-ში, ა-ის ქუჩის N--ში) დაიბარა, სადაც მის გარდა იმყოფებოდნენ: გ. ჩ., მ. ტ., მ. ო., გ. მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი. რ. მ-მა ვ. ც-ს უთხრა, რომ მან ჩაიდინა უპატიებელი საქციელი, რის გამოც სათანადოდ უნდა დასჯილიყო. რ. მ-მა საქამრიდან დიდი დანა ამოიღო და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა იგი ბოდიში მოეხადა მისთვის, რის შემდეგაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა. მან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ჩააგდო ვ. ც. ადამიანისათვის პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, კერძოდ, მას დიდი დანა რამდენჯერმე ჩამოუსვა სახეზე, რის შემდეგაც მიაყენა მრავლობითი ჭრილობები წარბის, ლოყისა და მარცხენა ხელის არეში. ამის შემდეგ მან დაარტყა მუშტი მარცხენა ყბის მიდამოში და მოსთხოვა, რომ დაჩოქილს მოეხადა ბოდიში. იგი ცინიკურად და აბუჩად აგდებით აგრძელებდა ვ. ც-ის დამცირებას და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. დაზარალებული ვ. ც. სიცოცხლის მოსპობის შიშით იძულებული იყო, შეესრულებინა მისი ყველა მოთხოვნა და დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა აეტანა. აღნიშნული ქმედება დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგადაც ვ. ც-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. მიუხედავად იმისა, რომ გ. ჩ., მ. ტ. და მ. ო. იყვნენ მძიმე დანაშაულის ჩადენის თვითმხილველები და ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას, მათ ამის თაობაზე სათანადო ორგანოებს არ შეატყობინეს.

2015 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ის მ. ს-ს -ის სამმართველოს პოლიციის - განყოფილების თანამშრომლები: ე. ჩ., დ. ხ. და ხ. ს. მივიდნენ თ-ში, ა-ის ქუჩის N--ში მდებარე მ. ო-ის საცხოვრებელ სახლში, საგამოძიებო მოქმედების, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით. სახლის შესასვლელ ოთახში იმყოფებოდნენ მ. ო., რ. მ., გ. ჩ. და მ. ტ.. როდესაც მათ პოლიციის თანამშრომელთა მისვლის მიზეზი შეიტყვეს, გამოხატეს აგრესია პოლიციის მუშაკების მიმართ და არ მისცეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საშუალება. პოლიციის თანამშრომლებმა მათ წესრიგისაკენ მოუწოდეს, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად პოლიციის მუშაკებმა - დ. ხ-მა და ხ. ს-ამ მიიღეს სხეულის დაზიანებები; ასევე დაუზიანდათ სამსახურებრივი უნიფორმა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნათია ქართველიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და რ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; მ. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; მ. ტ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

6. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს რ. მ-ის, მ. ო-ის, გ. ჩ-სა და მ. ტ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ვ. ც-სა და გ. მ-ის ჩვენებები სასამართლომ არასწორად შეაფასა და ამ ჩვენებებიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბრალდებულების გამამართლებელი დეტალები „ამოკრიფა.“ ვ. ც-სა და გ. მ-ის ჩვენებები, ცხადია, ვერ იქნება აბსოლუტურად იდენტური. ამასთან, დამცირებისა და აბუჩად აგდების მიზნით მიყენებული ყველა დარტყმა თავისი სიძლიერით ვერ გამოიწვევდა დაზიანების იმ ხარისხს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში აისახებოდა. დაზარალებული დანაშაულის ჩადენის შემდგომაც განიცდიდა დანაშაულით გამოწვეულ სულიერ ტანჯვას, რასაც საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებს. ბრალდების მხარე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, მაგრამ განმარტავს, რომ სისასტიკის მინიმალური ზღვრის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე: არასათანადო მოპყრობის ხასიათზე, ინტენსივობაზე, ხანგრძლივობასა და მისგან გამოწვეულ შედეგზე. რ. მ-თვის კვალიფიკაციის შეცვლამ განაპირობა ბრალდებულების: მ. ტ-ის, მ. ო-სა და გ. ჩ-ის გამართლება.

7. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულთა მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია პოლიციის მუშაკთა სახესა და მათ ფორმაზე არსებული დაზიანებები. მოსამართლემ არ გაიზიარა არც ერთი პოლიციელის ჩვენება.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. რ. მ-ის ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლების განაჩენებში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე. რაც შეეხება რ. მ-ის, მ. ტ-ის, გ. ჩ-სა და მ. ო-ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და უთითებს, რომ გამოკვლეული ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის. ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ მე-3 მუხლის დარღვევა მტკიცებულებით სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. საქმის გარემოებების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, კერძოდ, ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით.[1]

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ“ (Feodorov v. The Republic of Moldova), N42434/ 06, 29/01/2014, §55.