საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.11.2017
საქმის ნომერი
2კ-303აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №303აპ-17 ქ. თბილისი

ო-ე გ, 303აპ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 იანვრის განაჩენით გ. ო-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 64-ე მუხლის საფუძველზე კი გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. გ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენით გ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ-ს საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, გ-ს რაიონის ტერიტორიაზე, ,,მერსედეს ვიტოს’’ მარკის მიკროავტობუსით თ-ს მიმართულებით მოძრავმა გ. ო-მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ უზრუნველყო სათანადო დისტანციის დაცვა მის წინ მიმავალ ავტომობილთან და შეეჯახა მარჯვენა მხარეს სარეზერვო ზოლში გაჩერებულ ,,ივეკოს’’ მარკის სატვირთო ტრაილერს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ,,მერსედეს ვიტოს’’ მარკის ავტომობილის მგზავრები - მ. გ-ე და ნ. ლ-ი, ლ. ს-მ და ნ. ს-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ნ. ჩ-ა და ე. ს-ა - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე, ხოლო დაცვის მხარემ - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მისი ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა გამახვილდეს დამდგარ შედეგზე, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები. ასეთ პირობებში კი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის შეფარდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენებას, სასჯელის მთლიანად პირობით ჩათვლაზე მსჯელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ო-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს პროკურორმა თეონა გოდერძიშვილმა და მსჯავრდებულმა გ. ო-მ.

პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ო-ს შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო მსჯავრდებული - სასჯელის შემსუბუქებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ გ. ო-ს შეფარდებული სასჯელის ზომას.

8. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ო-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ო-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი პირი, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების ან/და შემსუბუქების საფუძველი.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, პროკურორისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი