საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №342აპ-17 ქ. თბილისი
გ-ე მ, 342აპ-17 28 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის იანვარში მ. გ-ე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქ-ი, ჩ-ს ქ. №..-ში მდებარე ზ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაირღვა ბინის ხელშეუხებლობა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, არავის აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. უკანონოდ შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა ან ყოფნა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია, ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონო შესვლის მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული სამოქალაქო სამართალწარმოების საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ა’’ და მოპასუხე მ. გ-ს შორის საქმის წარმოება დასრულდა 2012 წლის 11 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე მ. გ-მ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გადახდის ვალდებულება აიღო. გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული, ქ.ქ-ი, ჩ-ს №..-ში არსებული ქონების რეალიზაცია, დავალიანების დაფარვის მიზნით, რაზედაც სასამართლომ 2012 წლის 20 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მიზნით და მოხდა ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ. გ-ს ცნობილი იყო როგორც საქმის შინაარსი, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქმეში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი №2023985 (შედგენილი 2015 წლის 14 სექტემბერს, ჯერ კიდევ დაზარალებულ ზ. ჩ-ს მიერ ქონების შეძენამდე. ტ.1. სფ. 112), სადაც მითითებულია, რომ მ. გ-მ ნებაყოფლობით შეწყვიტა სს ,,ჯ-ს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. ქ-ი, ჩ-ს №..-ში, ხელყოფა და გაიტანა თავისი მოძრავი ნივთები, ოქმში ასევე მითითებულია, რომ სს ,,ჯ-ა’’ ჩაიბარა საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.ქ-ი, ჩ-ს №...-ში, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
გამოსახლების ოქმის შედგენაში მონაწილემ მოწმის სახით დაკითხულმა ნ. გ-ა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 20 ივლისს ოპერატიულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ბრალდებულთან ქ.ქ-ი, ჩ-ს №..-ში, მაგრამ გამოსახლება ვერ განხორციელდა, რადგანაც ბრალდებული და მისი მეუღლე შემთხვევის ადგილზე გახდნენ ცუდად და გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, რის გამოც იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ გამოსახლება, ხოლო 2015 წლის 14 სექტემბერს მ. გ-ე გამოასახლეს, აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან, რა დროსაც იგი მარტო იმყოფებოდა სახლში. მან გაიტანა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები, რის გამოც ოქმში მიუთითა, რომ მ. გ-ე ნებაყოფლობით შეწყვიტა სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფა და საცხოვრებელი სახლი ჩაიბარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა; გამოსახლების საფუძველი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლის სამართლებრივი მფლობელი იყო საზოგადოება ,,ჯ-ი’’. საგულისხმოა ასევე თვით მსჯავრდებულ მ. გ-ს ჩვენება, რომლითაც ასევე დასტურდება ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მისთვის ცნობილი იყო ბინის გასხვისების თაობაზე, რომ მ. გ-ს ეგზავნებოდა წერილები გამოსახლების შესახებ და რომ ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა გამოსახლების დროს შედგენილ ოქმს.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი მ. გ-ნ გასაუბრებისა და გაფრთხილების ოქმები იმის შესახებ, რომ შეეწყვიტა სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო ფლობა.
ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. გ-ს, რომელიც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოასახლეს საცხოვრებელი სახლიდან, არ ჰქონდა იქ შესვლისა და ცხოვრების უფლება, რაც ცნობილი იყო თავად მ. გ-ს. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აგრძელებდა სხვის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობას, რის გამოც მისი ქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს. ამასთან, აპელანტს რაიმე მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და გონივრულ ეჭვს მისი ბრალეულობის შესახებ, არ წარმოუდგენია.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. გ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია, რომ იგი ბინაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ არ შესულა და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ზ. ჩ-ს ჩვენებით, მოწმეების - მ. კ-ს, ბ. მ-ს, ნ. გ-ს, გ. ა-ს, ა. ყ-ა და სხვათა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული მ. გ-ს ბრალეულობა.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი