საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2017
საქმის ნომერი
2კ-382აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი მ 382აპ-17 28 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 ოქტომბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 02 საათზე, ქალაქ ზ-ი, კ-ს ქუჩაზე მ. გ-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაარტყა დანა ლ. გ-ს კისრის, გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ლ. გ-მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

2. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, რომელიც ითხოვდა მ. გ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან 117-ე მუხლზე და მისთვის აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო შემდეგ - სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ერთი მესამედი ნაწილის ჩათვლას პირობით.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებით, მოწმეების - რ. მ-ს, თ. წ-ს, ზ. თ-ს, მ. კ-ს, ზ. ჭ-ს ჩვენებებით, ასევე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად მიჩნეული, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ლ. გ-ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ლ. გ-ს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ი-მ გ-ს, ვ. რ-ს, რ. ჭ-ს დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. გ-ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, დანის ამოღების ოქმით, ცივი იარაღის, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ნივთმტკიცებებით.

სააპელაციო პალატამ, იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან გაემიჯნა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის დაზიანება და გამოეკვეთა მ. გ-ს განზრახვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დანაშაულის ჩადენის ხერხს, საშუალებას, დაზიანებათა რაოდენობას, ხასიათს, ლოკალიზაციას. იგი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: როგორც მსჯავრდებული მ. გ-ი, ასევე დაზარალებული ლ. გ-ა და მოწმეები – რ. მ-ა და თ. წ-ა ადასტურებენ, მას შემდეგ, რაც მ. გ-ს ფული დაუბრუნეს და ლ. გ-მ უთხრა, რომ არც მისი ფული უნდოდათ და არც მასთან დალევა, მ. გ-ი წავიდა განაწყენებული და ბუტბუტებდა, ასეთი ჩემთვის არავის უკადრებიაო. თავად მ. გ-ი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამის შემდეგ მივიდა თავის სამუშაო ადგილას, აიღო დანა და ჩაიდო ... თუ კიდევ დახვდებოდნენ, შეაშინებდა. როგორც დაზარალებული ლ. გ-ა, ასევე მოწმეები - რ. მ-ა და თ. წ-ა განმარტავენ, რომ დაინახეს მ. გ-ი, რომელიც იჯდა შენობის კუთხეში და ხელში დანა ჰქონდა მომარჯვებული. ამ ჩვენებებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. გ-ს სიტყვებით (არც შენი ფული გვინდა და არც შენთან დალევაო) განაწყენებულ მ. გ-ს შურისძიების გრძნობა გაუჩნდა ლ. გ-ს მიმართ. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც რ. მ-მ ფეხი ჩაარტყა თავში, იგი დანამომარჯვებული სწორედ ლ. გ-ს მივარდა და რამდენჯერმე დაარტყა ის.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ლ. გ-ს დაესვა დიაგნოზი: ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები კისრის, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მუცლის წინა კედელში, შემღწევი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში. დაზიანება გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ მ. გ-ს ჩვენების იმ ნაწილსაც, სადაც ის აღნიშნავს: „... ისეთი რამე დამემართა, ეს ნაწყენი, ჩაგროვებული, გაუბედურებულად ვიგრძენი თავი, ვეღარ ვაკონტროლებდი, გ-ა იყო, მ-ა იყო, ვინ შემხვდებოდა, რა შემხვდებოდა ...“ ამდენად, მ. გ-ი თვითონაც არ ადასტურებს, რომ ჰქონდა ლ. გ-ს სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, რომელიც მ. გ-ი გამოიწვია, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საბაბმა - ლ. გ-ს მიმართვამ, რომ არც მისი ფული უნდოდათ და არც მასთან დალევა, რასაც თითქოსდა არ უნდა წარმოეშვა შურისძიების გრძნობა, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, მან შეურაცხყოფილად და გაუბედურებულად იგრძნო თავი (ისეთი რამე დამემართა ... ეს ნაწყენი, ჩაგროვებული ... გაუბედურებულად ვიგრძენი თავი), მოიმარჯვა დანა და რამდენიმე დაზიანება მიაყენა ლ. გ-ს, მათ შორის ერთი - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხი.

პალატამ ყურადღება მიაქცია, რომ ლ. გ-ს დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, გულმკერდისა და მუცლის წინა კედელზე. სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიყენებული აქვს გულმკერდის მარცხენა ნახევარში (შემღწევი ჭრილობა). ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მ. გ-ი, თ. წ-ს ჩვენების მიხედვით, გაიძახოდა „მოგკლავთო“ (იხ. თ.წ-ს მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მისი განზრახვის მიმართულებაზე. მ.გ-ა თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში იმის გამო, რომ თ. წ-ა და რ. მ-ა მივიდნენ გასაშველებლად, ამავე დროს ლ. გ-ც ქვა ჩაარტყა თავში. ლ. გ-ა გაწეული სამედიცინო დახმარების გამო გადაურჩა სიკვდილს.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. შ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს მ. გ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან 117-ე მუხლზე და მისთვის სასჯელის განსაზღვრას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. გ-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №399აპ-14; 58აპ-15), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, ხოლო მ. გ-ს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედება უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საკმარისი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. გ-ი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი