საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№383აპ-17 ქ. თბილისი
ჯ. შ-ა, 383აპ-17 15 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით შ. ჯ., - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა შ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი დაუბრუნდა მის შემტან პირს - ლ. ჭ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2015 წლის 14 იანვარს ბ-ში, ჰ. ა-ის ქუჩის N- საცხოვრებელი კორპუსის წინ, შ. ჯ-მა დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა გ. გ-ეს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს შ. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას და ისეთი სახის სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. კასატორის მითითებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ნაწილით (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ზ. დ-ს, ტ. ფ-სა და ი. ნ-ას ჩვენებები, ტანსაცმლისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც უდავოდ იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე) უტყუარად დასტურდება შ. ჯ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა არა მხოლოდ მოწმეების (მათ შორის - ირიბი) ჩვენებები, არამედ სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას და მისი გამოყენება შესაძლოა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. იმისათვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში გამოუცხადებლობის მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. ამ შემთხვევაში ირიბი მტკიცებულებები არ წარმოადგენდა ბრალდების დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი და წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად არ არის შეფასებული, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ჯ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა შ. ჯ-ის მიერ დანით გ. გ-ის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტი. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე