დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.02.2007
საქმის ნომერი
ას-579-962-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-579-962-06 1 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ. მ-ე და მ. მ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს «ს-ი” (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისისა და 29 მაისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «ს-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-ისა და მ. მ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბანკის მიერ რ. მ-ის სახელზე გაიცა სესხი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 2 ნოემბრამდე. მსესხებელმა გრაფიკით განსაზღვრული თანხა არ დააბრუნა, რის გამოც ბანკმა მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე თანხის დაბრუნება. მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკის საგნის რელიზაცია, რომელიც ირიცხება მ. მ-ის სახელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ს-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. მ-ს სს «ს-ის” მიმართ დაეკისრა 174.101 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა 20000 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე. სს «ს-ის” მოთხოვნა მ. მ-ის იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «ს-მა”. ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ (სფ89).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის განჩინებით რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად (სფ.93). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განჩინებით კი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (სფ122).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ფ-ემ. მან მიუთითა, რომ რ. მ-ეE და მ. მ-ი არიან უმუშევრები და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება, რომ ისინი ეძებენ სამუშაოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის განჩინებით სს «ს-ის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. რ. მ-ესა და მ. მ-ს, ასევე მათ წარმომადგენელ რ. ფ-ეს სააპელაციო საჩივრის ასლი გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით (სფ.102).

რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ 2006 წლის 4 ივლისს წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი (სფ.F128).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (სფ.137).

აღნიშნულ განჩინებაზე რ. ფ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ მათ სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, მათ არ დაურღვევიათ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა (152).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 30 მარტის განჩინებით რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 10 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

მხარეს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 14 აპრილს. რ. ფ-ემ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ რ. მ-ე და მ. მ-ი არიან უმუშევრები და მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ წარმოადგინეს ცნობა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ქობულეთის რაიონული განყოფილებიდან, რითაც დასტურდება, რომ ისინი უმუშევრები არიან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით რ. მ-ესა და მ. მ-ს მიეცა 15 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება რ. მ-ეს და მ. მ-ს ჩაჰბარდათ 2006 წლის 2 მაისს, ხოლო მათ წარმომადგელს – რ. ფ-ეს 1 მაისს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ცნობა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ქობულეთის რაიონული განყოფილებიდან იმის თაობაზე, რომ მ. მ-ი და რ. მ-ე ეძებენ სამუშაოს, არ არის საკმარისი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სს «ს-ის” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინება რ. მ-სა და მ. მ-ს ჩაჰბარდათ 2006 წლის 27 მაისს. მათ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2006 წლის 4 ივლისს. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2006 წლის 6 ივნისს, ე.ი. შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილია 28 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია, სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილია შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 10 _ დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისისა და 29 მაისის განჩინებები;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.