დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.01.2007
საქმის ნომერი
ას-611-992-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-611-992-06 8 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. წ-ის წარმომადგენელი ი. რ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ბ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში _ სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. წ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე თანმხლებ პირებთან ერთად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ცხოვრობს მის კუთვნილ, ქ.თბილისში, რ-ის ... შესახვევში მდებარე ¹7 ბინაში და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

რ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა ვ.წ-ის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: რ.ბ-ი სადავო ბინაში ცხოვრობს 1976 წლიდან ბინის მესაკუთრის ნებართვით. მხარეთა შეთანხმებით, რ. ბ-მა ვ.წ-ს გადასცა 6500 მანეთი, ხოლო სესხის დაბრუნებამდე მოპასუხეს გადაეცა ვ.წ-ის ზემოხსენებული ბინა. მოსარჩელეს თანხა არ დაუბრუნებია.

ქ.თბილისის, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ვ. წ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა მხარეთა შორის არსებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. წ-ს რ.ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4805 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. წ-ის წარმომადგენელმა ი. რ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.წულუკიძის წარმომადგენელმა ი.როსტომაშვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, ასევე სასამართლოს წარუდგინა ვ.წ-ის გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2003 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ი. რ-ს მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ვ. წ-ის უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტის, ვ.წ-ის უფლებამონაცვლის მიერ ი. რ-ის სახელზე კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მოწმობის წარმოსადგენად. აღნიშნული ხარვეზის განჩინება გაეგზავნა როგორც ი.რ-ს, ისე ვ. წ-ის დას _ ე. წ-ს და 2006 წლის 17 და 22 ნოემბერს ადრესატებს ჩაბარდა, თუმცა მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. წ-ის წარმომადგენელ ი. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ი. რ-ს მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ვ. წ-ის უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტის, ვ.წ-ის უფლებამონაცვლის მიერ ი.რ-ის სახელზე კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მოწმობის წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლოს მითითებული ხარვეზის განჩინება გაეგზავნა როგორც ი.რ-ს, ისე ვ. წ-ის დას _ ე. წ-ს და 2006 წლის 17, 22 ნოემბერს ადრესატებს ჩაბარდა. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. წ-ის წარმომადგენელ ი.რ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.