გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 08.10.2009
საქმის ნომერი
ას-639-946-09
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-639-946-09 8 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ლ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. ს-ძეE (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

თ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ლ-ას წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ. მან მიუთითა, რომ 2000 წლის მაისში მან თ. ლ-ას ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ასესხა 4000 აშშ დოლარი. ასევე შეთანხმდნენ პროცენტზე, რომელიც თავდაპირველად იყო 5%, ხოლო დეკემბრიდან 4%. 2001 წლიდან თ. ლ-ამ შეწყვიტა პროცენტის გადახდა და გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან არ დააბრუნა დარჩენილი 3000 აშშ დოლარი და პროცენტი. 2003 წელს ვალის დასაფარად ხელახლა შეთანხმდნენ. დაიდო ხელწერილი, სადაც აღინიშნა, რომ ახალ წლამდე დაიფარებოდა ვალი. მიუხედავად ამისა, მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა ვალი. მოსარჩელემ მოითხოვა, თ. ლ-ას დაეკისროს ძირითად ვალთან ერთად პროცენტის გადახდა, რაც სულ შეადგენს 5.625 აშშ დოლარს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით თ. ს-ის სარჩელი დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

2008 წლის 28 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს თ. ს-ემ, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ს-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინება, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე, თ. ს-ის სარჩელის გამო, თ. ლ-ას მიმართ ვალის დაბრუნების თაობაზე განსახილველად დაუბრუნდა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ლ-ას დაეკისრა თ. ს-ის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პროცენტის - 2.625 აშშ დოლარის, სულ 5.625 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 330 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის გაზრდის მოთხოვნა დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ლ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით თ. ლ-ას, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით თ. ლ-ას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. 2009 წლის 14 მაისის განჩინებით მას ისევ გაუგრძელდა ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ლ-ამ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით თ. ლ-ას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად 15 დღით. აღნიშნული განჩინება მას ჩაჰბარდა 2009 წლის 15 მაისს. მან ხარვეზი შეავსო დროულად, კერძოდ, 2009 წლის 29 მაისს. სასამართლომ კი მისი სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დატოვა განუხილველად, რაც არასწორია. ვინაიდან, მან ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ლ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით, თ. ლ-ას, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით თ. ლ-ას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. 2009 წლის 14 მაისის განჩინებით მას ისევ გაუგრძელდა ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ მან ვადის დაცვით შეავსო ხარვეზი. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა 2009 წლის 14 მაისს, ხოლო ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 17 მაისს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 1 ივნისის ჩათვლით. მან სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში წარმოადგინა 2009 წლის 5 ივნისს ანუ 4 დღის დაგვიანებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, მას სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში არ წარმოუდგენია დროულად, მაგრამ ბანკში სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, მხოლოდ ბანკში სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ითვლება საპროცესო მოქმედების შესრულებად, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოედგინა სასამართლოში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარზოლუციო ნაწილში არ მიუთითებია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, ამდენად ბანკში სახელმწიფო ბაჟის გადახდით საპროცესო მოქმედება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ლ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.