დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
9I-18 ქ. თბილისი
დ-ი ტ, 9I-18 3 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატის - მ. ა-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ტ. დ-ს
თარჯიმნის - ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ტ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ტ. დ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, 2017 წლის 27 მარტს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის ა-ს ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოიცა ტ- დ-ს დაკავების ბრძანება. აღნიშნული დაკავების ბრძანების თანახმად, ტ. დ-ს ბრალი დაედო გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266ა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა (გადასახადის ამკრეფ ორგანოში არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენის გზით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სოციალური შენატანის გადაუხდელობა) და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. გ-ს ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ტ. დ-ს მიერ გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩადენილ დანაშაულთა (128 ეპიზოდი) ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
ა) შპს „A-s”-ის, შპს „D-k”-ის და შპს „D-n”-ის ფაქტობრივ აღმასრულებელ დირექტორ ტ. დ-ს ცნობილი იყო, რომ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომელთა სოციალური დაზღვევის შენატანები გადასახადის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოებისთვის უნდა გადაეხადა ყოველი საგადასახადო თვის ბოლო მესამე სამუშაო დღეს. გარდა ამისა, იგი ვალდებული იყო თანამშრომელთა ჯანმრთელობის დამზღვევი ორგანოებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია პერსონალის სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის შესახებ და ამით უზრუნველეყო თანამშრომელთა სახელით შესაბამისი შენატანების შეტანა. თუმცა, ზემოხსენებულის ნაცვლად, ტ. დ-ი ზემოაღნიშნული კომპანიების ფიქტიურ აღმასრულებელ დირექტორთან - ო. დ-ნ წინასწარი შეთანხმებით, შესაბამის უწყებებს აწვდიდა არასრულ ინფორმაციას, რა გზითაც თავს არიდებდა აუცილებელი გადასახადების გადახდას. საერთო ჯამში, ტ. დ-ა 2012 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, 124 ცალკეულ შემთხვევაში, თავი აარიდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შენატანის გადახდას, სულ 983 943.67 ევროს ოდენობით.
ბ) გარდა ამისა, ტ. დ-ს ცნობილი იყო, რომ ყოველი კალენდარული წლის ამოწურვამდე 6 კვირის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დაზღვევის შენატანის გადახდის მიზნით, ტრანსპორტისა და მოძრაობის სავაჭრო ასოციაციისათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ზემოხსენებულ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომელთა საერთო ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების შესრულების ნაცვლად, გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიზნით, ტ. დ-ა ო. დ-ნ წინასწარი შეთანხმებით, კომპეტენტურ უწყებებს არ მიაწოდა დასახელებული ინფორმაცია, რა გზითაც, 2014-2015 წლებში, 4 ცალკეულ შემთხვევაში, თავი აარიდა გადაუდებელი შემთხვევების დაზღვევის შენატანის გადახდას, სულ 75 316 ევროს ოდენობით.
3. 2017 წლის 1 ივნისს, ტ. დ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.
4. 2017 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ტ. დ-ი.
5. 2017 წლის 10 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ტ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
6. 2017 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ტ. დ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინების შეცვლის თაობაზე.
7. 2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ტ. დ-ს ექსტრადიციის თაობაზე გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი მიღებულ იქნა 2017 წლის 20 სექტემბერს.
8. 2017 წლის 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ტ. დ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 7 თებერვლამდე.
9. 2018 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ტ. დ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვის, 9 თვემდე - 2018 წლის 7 მაისამდე.
10. ამჟამად ტ. დ-ი მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ტ. დ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266ა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით (გადასახადის ამკრეფ ორგანოში არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენის გზით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სოციალური შენატანის გადაუხდელობა) და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე).
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ტ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი - მ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 23 მარტის განჩინებაში არ გაითვალისწინა და გვერდი აუარა დაცვის მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებს, კერძოდ, აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი წლების განმავლობაში ცხოვრობდა გ-ი. დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ამასთან, იმ კომპანიის მმართველი და დირექტორი, რომლის მიერაც უნდა ყოფილიყო შეტანილი გადასახდელი თანხები, არის ო. დ-ი და არა ტ. დ-ი. ტ. დ-ი იყო გ-ი მცხოვრები, ეთნიკურად თურქი წარმომავლობის ხალხის უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრი და მისი უფლებებიც არაერთხელ დარღვეულა უხეშად. იგი იყო თ-ს პრეზიდენტის რ. ტ-ფ ე-ს მხარდამჭერი და მისი არაერთი მიტინგის ორგანიზატორი. სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული დაეტოვებინა გ-ს ფედერაციული რესპუბლიკა ნებაყოფლობით. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მან გამოითხოვა ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საქმიანობის შესახებ გ-ნ, რაც არ გადმოეცა, რადგან შეიცავდა გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს. ასევე, დაცვის მხარემ მიმართა გ-ს საელჩოს მინდობილობისათვის, თუმცა, მათაც უარი უთხრეს. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უკვე სახეზეა ტ. დ-ს უფლებების დარღვევა და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებას, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ტ. დ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ინტერპოლის არხებით ძებნილი ტ. დ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 2017 წლის 7 აგვისტოს. აგრეთვე, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ტ. დ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ტ. დ-ს მითითებას, რომ გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში შესაძლოა დაირღვეს მისი უფლებები, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულება, რაც მისი უფლებების დაცულობასთან დაკავშირებით ეჭვს წარმოშობდა. შესაბამისად, ტ. დ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზოგადი განცხადება, რომ გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
5. საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებები ირღვევა გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში, რადგან იგი არის გ-ი მცხოვრები ეთნიკურად თურქი წარმომავლობის ხალხის უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრი, თ-ს პრეზიდენტის რ. ტ-ფ ე-ს მხარდამჭერი და მისი არაერთი მიტინგის ორგანიზატორი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ-ს ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები. ამასთან, გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, გ-ს ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.
6. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან გამოითხოვა ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საქმიანობის შესახებ გ-ნ, რაც არ გადმოეცა, რადგან შეიცავდა გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს, ასევე, დაცვის მხარემ მიმართა გ-ს საელჩოს მინდობილობისათვის, თუმცა, აღნიშნულზე მათაც უარი უთხრეს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ ამ გარემოებებს არ აქვთ რელევანტური მნიშვნელობა ტ. დ-ს ექსტრადიციის კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად.
7. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის დროს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი იმყოფებოდა გ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ვერ ჩაიდენდა დანაშაულს, ამასთან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, კომპანიის მმართველი და დირექტორი არის ო. დ-ი და არა ტ. დ-ი, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ იხილავს ტ. დ-ს ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
8. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ტ. დ-ს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის შემთხვევაში, მის მიმართ არ იქნება დარღვეული ექსტრადიციის თაობაზე მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ამასთან, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ტ. დ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლისთვისაც მისი ესტრადიციაა მოთხოვნილი და რომლებიც დასჯადია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266ა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით (გადასახადის ამკრეფ ორგანოში არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენის გზით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სოციალური შენატანის გადაუხდელობა) და აღნიშნული კოდექსის 53-ე მუხლით (დანაშაულთა სიმრავლე), კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც ის უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ტ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი