საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
2კ-486აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №486აპ-17 ქ. თბილისი

ქ-ი რ. 486აპ-17 22 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ქ-ს ბრალი დაედო პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, ჩადენილი ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 23:25 საათზე, ნასვამმა რ. ქ-მ ქ. ….., …..ქ. №…..-ში მდებარე რესტორან „…..“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - მ. ლ-ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ. ლ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო რ. ქ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე ხანში, 2016 წლის 3 ივნისს, ქ. ….., …..ქ. №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ქ-მ საქართველოს შს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა. თ-ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც იგი ბრალდებულის სახით აკავებდა რ. ქ-ს, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ასევე გაუწია წინააღმდეგობა და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენით რ. ქ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა რ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რ. ქ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: რ. ქ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ქ-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

მტკიცებულებების შეფასებამდე, სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ძალადობის, ძალადობის მუქარის ან იძულების განხორციელების მომენტისთანავე, მიუხედავად იმისა, რეალურად ხელი შეეშალა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან შეწყდა თუ არა პოლიციის მუშაკის საქმიანობა. ამასთან, აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნული ხერხებით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის დროს პირი მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეწყვიტოს პოლიციელის კანონიერი საქმიანობა.

ამ მხრივ საყურადღებოა მტკიცებულების სტანდარტი ანალოგიურ საქმეებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. ევროპული სასამართლოსათვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები[1].

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რ. ქ-მ ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს (პირველ შემთხვევაში რესტორან „…..“), მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით რ. ქ-ს დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება რ. ქ-ს დაკავებისას გაწეულ წინააღმდეგობას და პოლიციელის მაისურის დაზიანების ფაქტს, აღნიშნულ ნაწილშიც, გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, არ წარმოდგენილა სხვა მტკიცებულებები. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან მოწმეები - ლ. ქ-ი და გ. ი-ე, რომლებიც, ბრალდების მხარისავე განმარტებით, რ. ქ-ს დაკავებისას იმყოფებოდნენ მასთან ერთად. ამ მხრივ, მხოლოდ დადგენილებები მათი სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე საკმარისი არ არის რ. ქ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გამოძიებისას და სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან ასევე სხვა მოწმეები, კერძოდ - დ. ბ-ი, მ. ა-ი და ა. ლ-ე, მაშინ, როდესაც გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, მოწმე გ. ი-მ თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს პირები მასთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორან „…..ში“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებული პოლიციელებისა და სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პოლიციელებისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი. ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებენ განსხვავებულად. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისად ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სააპელაციო პალატა დაეთანხა პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო შეფასებას, რომ 2016 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, თავდაპირველად რესტორან „…..“ დარბაზში, ხოლო შემდეგ - რესტორნის წინ, ნამდვილად მოხდა რ. ქ-სა და ვ. შ-ს სუფრის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა, აღნიშნული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენადაც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება რ. ქ-ს ბრალეულობა ძალადობით პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რ. ქ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატამ, მართალია, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ პოლიციელთა ჩვენებებს შორის არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებისა, აღნიშნა, რომ რ. ქ-ს და რესტორან „…..ში“ მომხდარი შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების - ვ. შ-სა და ე. ფ-ს ჩვენებებით შეიქმნა ეჭვი, რაც ვერ გაბათილდა პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებებით. როგორც პალატამ უკვე აღნიშნა, ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს მტკიცების მაღალი სტანდარტი და სასამართლომ ერთობლივად უნდა შეაფასოს, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც გაამყარებდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელი იყო რ. ქ-ს მიერ (წარდგენილი ბრალდებით) ორჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. პირველ შემთხვევაში - რესტორან „…..თნ“, ხოლო მეორე შემთხვევაში - მისი დაკავების დროს. როგორც აღინიშნა, მოცემული კატეგორიის საქმეებზე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს ნაკლები მტკიცებულებითი ძალა აქვს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებას, მაგრამ ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მათი ჩვენებების სხვა მტკიცებულებებით გამყარება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შემთხვევა მოხდა რესტორნის ტერიტორიაზე. რესტორან „…..თან“ მომხდარ ქმედებაზე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - ე. ფ-მ და ვ. შ-მ, რომელთაც უარყვეს რ. ქ-ს მონაწილეობა კონფლიქტში და ასევე არ დაადასტურეს რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება. რაც შეეხება რესტორან „დ…..ს“ თანამშრომლებს, ისინი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა რ. ქ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო თავად ბრალდებულმა რ. ქ-მ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევის სახით და მიუთითა, რომ რ. ქ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენების დეტალური გამოკვლევა სცდებოდა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მტკიცებულებების საკმარისობის დადგენა რ. ქ-ს ბრალდების დასადასტურებლად, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებამდე და არა - დაკავების შემდგომ პერიოდს.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ[2].

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ რ. ქ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. უფრო მეტიც, წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომელთა უტყუარობის დასამტკიცებლად, მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, პალატის აზრით, ვერ პასუხობს მტკიცებულების უტყუარობის მითითებულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, შესაბამისად, გამართლებულ რ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც რ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა რ. ქ-ს მსჯავრდებისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia), N 17828/05, § 90, 11.04.2013, „ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Virabyan v. Armenia), N 40094/05, § 153-154, 2012.

[2] ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან.