საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №508აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ე რ. 508აპ-17 21 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით:
რ. ხ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას.
რ. ხ-ე, - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სასჯელის დაუნიშნავად, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
გაუქმდა რ. ხ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენით მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რ. ხ-მ 1992 წელს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული კარადის თაროზე შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, ერთი ცალი 7.65მმ კალიბრიანი ,,BROWNING’’ ვაზნა, რომელიც ვარგისია გასროლებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ზემოაღნიშნული ვაზნა 2017 წლის 15 თებერვალს ამოიღეს ….. შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ….. რაიონის სოფელ …... ასევე, რ. ხ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისავე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საკუთარი სათვალის ჩასადებ ტყავის ბუდეში, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“, წონით 5.78 გრამი, რაც 2017 წლის 15 თებერვალს …..რაიონის სოფელ ….. მდებარე, რ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს სამართალდამცავებმა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს. ქ-ს, ზ. ხ-ს, გ. შ-ს, მ. ჭ-ს, ე. კ-ს, ზ. კ-ს, ზ. გ-სა და ნ. ლ-ს ჩვენებებით, ინფორმაციული პატაკით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნითა და ფოტოცხრილით, ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ. ხ-ს განმარტებით დადგინდა მის მიერ საბრძოლო მასალის 1992 წელს შეძენის ფაქტი, რის საწინააღმდეგო არგუმენტებიც ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. მოცემულ შემთხვევაში რ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით, შესაბამისად, 1992 წლიდან 2017 წლამდე გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა და რ. ხ-ე უნდა გამართლდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, ვინაიდან შეძენა არ არის დენადი დანაშაული და იგი დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორი სადავოდ ხდის რ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც რ. ხ-ე გაამართლა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი