საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
2კ-510აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №510აპ-17 ქ. თბილისი

წ-ე მ. 510აპ-17 22 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2014 წლის 22 აპრილს, შპს „…..“ ბუღალტერმა მ. წ-მ დაამზადა შპს „…..“ სახელით ყალბი მიმართვის წერილი, გააყალბა წერილზე არსებული ხელმოწერა, კერძოდ, თვითონ მოაწერა ხელი შპს „…..“ დირექტორ ი. მ-ს ხელმოსაწერ გრაფაში და იმავე დღეს წარადგინა შპს „…..“. ამ წერილით მან შპს „…..“ სახელით მოითხოვა ამავე ორგანიზაციის სახელზე რიცხული შპს „…..“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომრების პორტირება შპს „….., რაც სრულად განახორციელა შპს ,,…..“.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით მ. წ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გამართლებულს განემარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მ. წ-მ შპს ,,…..’’ უფლებამოსილი წარმომადგენლის (იხ.სანოტარო აქტი N….) ნ. მ-ს დავალებით ხსენებული ორგანიზაციის დირექტორ ი. მ-ს ნაცვლად, ხელი მოაწერა 2014 წლის 22 აპრილით დათარიღებულ წერილზე შპს ,,…..“ საზოგადოების კუთვნილი 10 სატელეფონო ნომრის ,,…..“ პორტირების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,…..“ დირექტორმა ი. მ-მ 2014 წლის 22 აპრილით დათარიღებულ წერილზე, რომლითაც შპს ,,…..“ დირექტორი ი. მ-ე შპს ,,…..“ სთხოვს საზოგადოების კუთვნილი 10 სატელეფონო ნომრის ,,…..“ პორტირებას - უარყო, რომ დირექტორის გრაფაში არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნოდა.

2014 წლის 8 დეკემბრის გრაფიკული ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, 2014 წლის 22 აპრილით დათარიღებულ წერილზე შპს ,,…..“ დირექტორის გრაფაში არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. წ-ს მიერ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შპს ,,…..“ დირექტორ ი. მ-ს მინდობილი პირის - ნ. მ-ს (შვილის) მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მითითებულ წერილზე დედის ნაცვლად ხელმოწერა სთხოვა მ. წ-ს, რადგან თბილისში იმყოფებოდა და ორგანიზაციის ტელეფონის ნომრების პორტირებას პირადად ვერ მოახერხებდა.

საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ი. მ-ს ქონებრივი დავა და კონფლიქტი აქვს ყოფილ მეუღლესა და შვილებთან. ასევე ნათელია, რომ . წ-ს მატერიალური ანაზღაურება შპს ,,…..“ არ მიუღია.

შპს ,,…..“ 2014 წლის 24 დეკემბრის წერილის თანახმად დადგენილია, რომ მ. წ-ე შპს ,,…..“ არსებულ არცერთ პოზიციაზე არ მუშაობდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუნდაც დადასტურებულიყო მ. წ-ს მიერ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებით დანაშაულის ჩადენა, მიზანშეუწონელი იქნებოდა მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო: მ. წ-ს სადავო დოკუმენტის ხელმოწერით რაიმე მატერიალური უპირატესობა არ მიუღია; მ. წ-ს მიერ სადავო დოკუმენტზე ხელმოწერით შპს ,,…..“ არანაირი მატერიალური ზიანი არ მისდგომია, პირიქით, კომპანიას მიეცა საშუალება, გაუმჯობესებული პირობებით ესარგებლა სატელეფონო ნომრებით. მ.წ-მ სადავო დოკუმენტზე ხელი მოაწერა ნათესავის - შპს ,,…..“ დირექტორ ი. მ-ს მინდობილი პირის - ნ. მ-ს თხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 7 მარტის №556აპ-16 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“. ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში მ. წ-ს ქმედებას, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მით უფრო, რომ ასეთი ზიანის საფრთხე საერთოდ არ არსებობდა.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ შპს ,,…..“ მინდობილი პირი - ნ. მ-ე, როცა მან დაავალა და სთხოვა მ. წ-ს, ხელი მოეწერა ორგანიზაციის კუთვნილ სადავო წერილზე, იმ პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და დროის ფაქტორის გამო, ვერ ახერხებდა თვითონ განეხორციელებინა ,,…..’’ ქსელში ჩართული მათი მობილური ტელეფონების ნომრების პორტირება შპს ,,…..“ ქსელში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მის უპირობო განზრახვას წარმოადგენდა და არა - მ. წ-ს ნება-სურვილს, რასაც ნ. მ-ე, შემდგომში სურვილის შემთხვევაში მ. წ-ს გარეშეც დაუბრკოლებლად განახორციელებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულ მ. წ-ს ქმედება მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშეა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია, მას დაეკისროს სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე - კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მ. წ-ე უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი