დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.04.2007
საქმის ნომერი
ას-78-424-07
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-78-424-07 26 აპრილი , 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,, .. ..”

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ბ...”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლეზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ბ...ს” სარჩელი სს “ე...სათვის” მის სასარგებლოდ 48 087,96 ლარის გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე...მ” და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ბ...ს” სარჩელი სს “ე...სათვის” მის სასარგებლოდ 48 087,96 ლარის გადახდევინების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რომელზეც შპს “ბ...ს” წარმომადგენლის _ მ. ს-ის განცხადების საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2002 წლის 14 თებერვალს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

2006 წლის 18 ივლისს შპს “ბ...ს” წარმომადგენელმა მ. ს-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა შპს “ .. ..” წინააღმდეგ, ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოვალე სს “ე...” გაერთიანდა შპს “ელ...თან” და 2002 წლის 12 ნოემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა შპს “ .. ..”, რაც დადგენილია არა მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით, არამედ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის დადგენილებითაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს “ბ...ს” წარმომადგენლის-მ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი, აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტში დასახელებული სს “ე...ის” ნაცვლად, გაიცა სს “ე...ის” უფლებამონაცვლე შპს “ .. ..” წინააღმდეგ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ .. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემა მათ წინააღმდეგ 25087,96 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ შპს “ბ...ს” სს “ე...მ” სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხიდან ნაწილი 23000 ლარი, უკვე განხორციელებული ნებაყოფლობითი შესრულებით ჩათვალა შპს “ო...ის” დავალიანებაში, ხოლო შპს “ჟ...თან” ანაგარიშსწორება შპს “ბ...ს” მოთხოვნის შესაბამისად, მოახდინა შპს “ო...მ”, რის გამოც მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით შპს “ბ...ს” სასარგებლოდ ერიცხება მხოლოდ 25087,96 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ .. ..” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს “ბ...ს” სარჩელი სს “ე...სათვის” მის სასარგებლოდ 48 087,96 ლარის გადახდევინების თაობაზე, შევიდა კანონიერ ძალაში და 2004 წლის 14 თებერვალს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა (ს.ფ.218-219).

ასევე დადგენილია, რომ სს “ე...” შეუერთდა სს “ელ...ს” და 2002 წლის 12 ნოემბერს ჩამოყალიბდა შპს “ .. ..”, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შპს “ბ...ს” წარმომადგენლის განცხადება შპს “ .. ..” წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის უფლებამონაცვლეობის საკითხს. მას მიაჩნია, რომ, ვინაიდან უკვე გადახდილი აქვს 23 000 ლარი, დღეის მდგომარეობით შპს “ბ...ს” სასარგებლოდ ერიცხება მხოლოდ 25087,96 ლარი და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, თავისი განჩინებით, სააღსრულებო ფურცელი მის წინააღმდეგ უნდა გაეცა არა 48087,96 ლარის, არამედ 25087,98 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის შინაარსის შეცვლა სააღსრულებო ფურცელში დაუშვებელია. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.