დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №109აგ-17 თბილისი
ა-ი გ., 109აგ-17 17 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 15 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის საფუძველზე 2017 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №….. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შევიდა მსჯავრდებულ გ. ა-ს პირადი საქმე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება გავრცელდა გ. ა-ს მიმართ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ა-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ მართებულად გაავრცელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით დადგენილი შეღავათი და მის მიმართ განსაზღვრული სანქცია შესაბამისობაში მოიყვანა ახალ კანონთან.
3. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. მოცემულ შემთხვევაში გ. ა-ს მიმართ გავრცელებული ახალი კანონის - სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გ. ა-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, პალატა მიუთითებს, რომ გ.ა-თვის განსაზღვრული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი