საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №594აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი გ., 594აპ-17 11 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 6 თვით.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ….. გ. მ-ი მოძრაობდა ავტომობილით ,,მერსედეს ბენცი“ სახ.#....., რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და …..ქუჩაზე, №….. ელგანათების ბოძის მიმდებარედ, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ. მ-ს ავტომობილში მყოფი მგზავრი ნ. თ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი სასჯელის ნაწილში.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. მ-თვის სასჯელის ზომად ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის ნაწილში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. მ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ. მ-ს, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ გახადა სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; არის 21 წლის, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთინ ბაზაში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები; ნასამართლევია), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი