საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №661აპ-17 ქ. თბილისი
ჭ-ი ზ., 661აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით ზ. ჭ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჭ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს „…..“ (ს/ნ …..) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის სამშენებლო ბოძების (სამშენებლო დგარი-დომკრატი) გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გაქირავება. 2016 წლის იანვარში ზ. ჭ-ი გაეცნო შპს „…..“ დირექტორს - თ. ნ-ს, თავი სანდო პირად წარუდგინა და მოატყუა, რომ …..რაიონში, …..სასაფლაოსთან, აშენებდა სახლს, რისთვისაც ესაჭიროებოდა ლითონის სამშენებლო ბოძების (სამშენებლო დგარი-დომკრატი) 30 დღით დაქირავება, ამასთან, ნდობის გამყარებისა და დანაშაულებრივი განზრახვის შეფარვის მიზნით, წინასწარ გადაუხადა ქირის თანხა - 840 ლარი და ხელი მოუწერა იჯარის ხელშეკრულებაზე. შპს „…..“ დირექტორი თ. ნ-ე ენდო მას და 2016 წლის 30 იანვარს ქ. ….., …..ქუჩა, მე-….. ჩიხი, №…..-ში არსებული ტერიტორიიდან 420 (ოთხას ოცი) ლითონის სამშენებლო ბოძი (სამშენებლო დგარი-დომკრატი) დროებითი სარგებლობისათვის, 30 დღით გადასცა ზ. ჭ-ს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზ. ჭ-ი არანაირ სამშენებლო სამუშაოებს არ აწარმოებდა. მან დაუფლებული 420 ლითონის სამშენებლო ბოძი (სამშენებლო დგარი-დომკრატი) მეორე დღესვე, 2016 წლის 31 იანვარს, ქ. ….., 6720 ლარად მიჰყიდა შპს „…..“ დირექტორს - ბ. ჭ-ს, მიღებული ფული კი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის და მიიმალა. ზემოაღნიშნული ქმედებით ზ. ჭ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს „…..“ ქონებას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 9196 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. ჭ-ს მიმართ სასჯელის შეფარდებისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითების ამორიცხვა და მისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ზ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე.
ზ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 29 ივლისიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ჭ-ს მიმართ 2016 წლის 21 მარტის დადგენილებით გამოცხადებული იყო ძებნა. იგი დააკავეს რუსეთის ფედერაცაში 2016 წლის 29 ივლისს, მაშინ, როცა გამოძიება უკვე დამთავრებლი იყო და საქმე სასამართლოში არსებითად იხილებოდა.
ამდენად, მართალია, ზ. ჭ-მ სასამართლოში სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ეს განხილული ვერ იქნება გამოძიებასთან თანამშრომლობად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ზ. ჭ-ს მიმართ სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნას - ზ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომის შეფარდებას, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ზ. ჭ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და ამ ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენის მოტივაცია და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებულ განაჩენში ამ მოთხოვნით მსჯავრდებულის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39–ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი კანონისმიერად არ იყო უფლებამოსილი, გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი