საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№692აპ-17 ქ. თბილისი
კ. ნ., 692აპ-17 22 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განაჩენით ნ. კ, – დ. ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი; მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გაუქმდა მსჯავრდებულ ნ. კ--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს (მ. კ-ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 12:10 საათზე, ქ, ჯ. სკოლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ნ. კ.-მ „ფ–ნ პ–ს“ მოდელის, სახ. ნომრით U-, ავტომობილით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოძრავ არასრულწლოვან ბ. მ-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ნ. კ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ვერცხლისფერი „შკოდის“ მოდელის ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების სურვილმა გამოიწვია; გამოძიებით არ დადგინდა და არ დაიკითხა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი „შ–ს“ მძღოლი, რომელიც მნიშვნელოვანი მოწმე იყო; დაცვის მხარემ მიმართა პროკურატურას მისი ვინაობის დადგენის მიზნით, რაზედაც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „შ–ს“ მოდელის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენის პროვოცირება არ მოუხდენია; ავტოტექნიკური ექსპერტის განცხადებით, მას არ უნახავს ვიდეოჩანაწერის კადრები; ექსპერტმა მ. ნ-ემ განმარტა, რომ არის ნეფროლოგი და თირკმლის ტრავმაზე იგი ენდო საავადმყოფოდან გადაგზავნილ ფორმა 100-ს; ამის გამო მან საჭიროდ არ ჩათვალა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. თუკი თირკმლის დაზიანება გამოირიცხებოდა, მაშინ გამოვლინდებოდა ნაკლებად მძიმე დაზიანება; მსჯავრდებულის საავადმყოფოში დაკითხვის ოქმში დაფიქსირებული დრო და საავადმყოფოში მისი მიყვანის დრო ერთმანეთის შეუსაბამოა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს ნ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს „შკოდას“ მარკის ავტომანქანის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირებისა და ბ. მანაგაძის დიაგნოზის საეჭვოობის თაობაზე.
9. ამასთან, ვინაიდან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასრულწლოვან დაზარალებულ ბ. მ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელ ზ. მ-ს არ განუმარტეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე მას აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე