საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
2კ-709აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№709აპ-17 ქ. თბილისი

გ. გ, 709აპ-17 24 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გ-ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. გ, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,137–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. გ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 8 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მა ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა, ე.ი. სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 18.30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, გ. გ–მა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სცადა 1919 წლის 14 იანვარს დაბადებული მ.–ის გაუპატიურება. გ. გ–მა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რადგან მას ხელი შეუშალეს ქ. ი–მა და ნ. შ-ემ. გ. გ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო დაზარალებულს მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მა და ითხოვა გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ და მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ. ჩ–ისა და მოწმეების - ქ. ი–ისა და ნ. შ-ის სარწმუნო და თანხვდენილი ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული გ. გ-ს ბრალეულობა.

9. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გ. გ-სთვის ბრალად შერაცხული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 4 მაისს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს (სსკ-ის 137-ე მუხლი), მისი პასუხისმგებლობა არც გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა, რის გამოც არც ამ მოტივით არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე