საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
2კ-178აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056920

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№178აპ-18 ქ. თბილისი

პ-ი ი, 178აპ-18 27 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი. პ-ს, ბრალად წარედგინა: ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების – ოქმებისა და სარეგისტრაციო ჟურნალის განზრახ გაყალბება.

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში, №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, ი. პ-მა №- ს-ის საარჩევნო ოლქის მე–5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს - ლ. მ-ს, ფსიქიკური იძულების შედეგად, კენჭისყრის არასწორი მონაცემები შეატანინა მე–5 საუბნო საარჩევნო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და ამასთან, ლ. მ-ს, ასევე, ამავე საუბნო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ბ. ჯ-სა და მდივან ა. ტ-ს იძულებით მოაწერინა ხელი არასწორი მონაცემებით შევსებულ მე–5 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე, რითაც აღნიშნულმა პირებმა განიცადეს თავიანთი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.

ი. პ-მა 2012 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ს-ში, № ს-ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, №- ს-ის საარჩევნო ოლქის მე– საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში განზრახ შეიტანა ყალბი მონაცემები და კომისიის წევრთა ყალბი ხელმოწერებით გააყალბა აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და ითხოვა გამართლებულ ი. პ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

ი. პ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ი. პ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ი. პ-ის ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე