შუამდგომლობა

სამოქალაქო 15.05.2009
საქმის ნომერი
ა-471-შ-21-09
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
15.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-471-შ-21-09 15 მაისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი(თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია სხდომის მდივანი _ ვ. ბოკუჩავა

შუამდგომლობის ავტორი _ შპს «ს. ფ. მ.»

წარმომადგენელი _ ე. ზ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია

წარმომადგენელი _ ი. ს-ძე

დავის საგანი – რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიას შპს «ს. ფ. მ.» სასარგებლოდ დაეკისრა 61020 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე 7592 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

შპს «ს. ფ. მ.» წარმომადგენელმა ე. ზ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით შპს «ს. ფ. მ.» წარმომადგენელ ე. ზ-შვილის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელი თვლის, რომ შპს «ს. ფ. მ.» შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ შპს «ს. ფ. მ.» წარმომადგენელ ე. ზ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს უცხოეთის სასამართლოს (არბიტრაჟის) გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენციის (საქართველო შეუერთდა 1994 წელს) მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება არ ხდება იმ შემთხვევაში თუ: მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის, საარბიტრაჟო გარჩევის თაობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო თავის ახსნა-განმარტების წარდგენა.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენლის მტკიცება, რომ ბათუმის მერიას არ ჩაბარებია შპს «ს. ფ. მ.» სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად და მათვთის უცნობი იყო თუ რა საქმეს იხილავდა საარბიტრაჟო სასამართლო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომლებიც მოპასუხეს ჩაბარდა 2006 წლის 8 დეკემბერს (ს.ფ.63-69), მოპასუხეს ასევე ეცნობა მოსარჩელის მიერ არბიტრის დანიშვნის შესახებ და მიეცა წინადადება 15 დღის ვადაში მოპასუხეს დაენიშნა არბიტრი თავისი მხრიდან. ამავე გზავნილით მოპასუხეს განესაზღვრა 30 დღიანი ვადა წერილობითი ფორმით წარედგინა ახსნა-განმარტება სარჩელთან დაკავშირებით, გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა საქმის განხილვის თარიღისა და დროის შესახებ (ს.ფ.20-21). ამდენად, საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო ყველა ზომა, რათა მოპასუხეს მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, მაგრამ უშედეგოდ, ქ.ბათუმის მერიამ თავისი მხრიდან არც არბიტრი დანიშნა და არც სარჩელისაგან დაიცვა თავი.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ქ.ბათუმის მერიის მოსაზრებას, რომ, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს ცნობილი, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, მერიის წარმომადგენლის მოსაზრებით საარბიტრაჟო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, ასევე ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი.

უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი მხარე ცნობს წერილობით შეთანხმებას, რომლითაც მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, არბიტრაჟს გადასცენ ყველა ან ზოგიერთი სადავო სარჩელი, რომელიც წარმოიშვა მათ შორის რომელიმე კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობის გამო, რომლის ობიექტი შეიძლება საარბიტრაჟო გარჩევის საგანი გახდეს. მოდავე მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 13.1 პუნქტის შესაბამისად, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე კონტრაქტთან დაკავშირებული დავები განიხილება, საერთო სასამართლოების განსჯადობის გამორიცხვით, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში ამ სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება ორივე მხარისათვის. ამდენად, მხარეებმა წინამდებარე კონტრაქტით მათ შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა მიანდეს რუსეთის არბიტრაჟს.

უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენციის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილების ცნობა წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ მათ შორის წერილობით გაფორმებული „საარბიტრაჟო შეთანხმება“ ძალადაკარგულია იმ კანონით, რომელსაც მხარეებმა ეს შეთანხმება დაუქვემდებარეს, ხოლო ასეთის მითითების არარსებობის შემთხვევაში, იმ ქვეყნის კანონით, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს.

მხარის მიერ არ ყოფილა უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული „საარბიტრაჟო შეთანხმება“ ბათილად არ არის ცნობილი ან ძალადაკარგულია.

ამდენად, არ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლით, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, გათვალისწინებული უცხოეთის გადაწყვეტილების არ ცნობის საფუძვლები, კერძოდ: მხარეთა შეთანხმების თანახმად, დავა ექვემდებარებოდა საარბიტრაჟო განხილვას, შეთანხმება არ არის ძალადაკარგული, საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მოპასუხე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს, როგორც სავალდებულო და აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. ფ. მ.» წარმომადგენელ ე. ზ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ბათუმის მერიას შპს «ს. ფ. მ.» სასარგებლოდ დაეკისრა 61020 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე 7592 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.