საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №78აგ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი
ჭ. ჯ. 78აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით:
ჯ. ჭ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ჯ. ჭ-ს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ჯ. ჭ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - მთლიანად დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჯ. ჭ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ გ. ბ-ს და დ. გ-ს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულების - გ. ბ-ს, დ. გ-ს და ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე, მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და რეალურ სასჯელად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე (რაც მოხდილია და არ შედის საბოლოო სასჯელში), ხოლო პირობითად ჩათვლილ სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 26 იანვრიდან.
4. 2013 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ჯ. ჭ-მ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ.ჭ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში ჯ. ჭ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) ნაწილს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ ჯ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება ჯ. ჭ-ს მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულების - გ. ბ-ს, დ.გ-ს და ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. 2018 წლის 23 მაისს მსჯავრდებულმა ჯ. ჭ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. მსჯავრდებული ჯ. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. ჭ-ს მიერ შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2014 წლის 1 აპრილის განაჩენში უკვე ნამსჯელი აქვს და, შესაბამისად, მითითებულ საკითხზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი არ არსებობს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი