საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001997879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №266აპ-18 ქ. თბილისი
ლ. ე. 266აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ე. ლ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენით ე. ლ-ს მსჯავრი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 მაისს ქ. მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ე. ლ- მ ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პ. გ-ს. ე.ლ-ს ქმედების შედეგად პ. გ--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, წაიქცა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. ლ-მ, რომელმაც ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ე. ლ-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ე. ლ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები არის მიკერძოებული და ცრუ, რაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე