გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 06.05.2010
საქმის ნომერი
ას-1047-1315-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1047-1315-09 6 მაისი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “.. ..”

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ძე, გ. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ ვალის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 15 აპრილს სს “. ..ის” ლიკვიდატორმა ბ. პ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ნ. დ-ძისა და გ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა ნ. დ-ძისათვის 2 173 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება სს “საქართველოს საზღავო ბანკის” სასარგებლოდ. ასევე დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს გ. გ-ძის საკუთრებაში რიცხული, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹5, ბინა ¹21-ის აუქციონის წესით რეალიზაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს “. ..ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “. ..მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სს “. ..ის” ლიკვიდატორ ბ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებისა და სხვა მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-ძესა და სს “. ..ს” შორის 2003 წლის 18 ივნისს გაფორმდა ¹737 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ ბანკიდან გაიტანა 4000 აშშ დოლარი კრედიტის თანხა 30 თვის ვადით, თვეში 2,2%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროული და სრული დაფარვა ამავე ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, 2003 წლის 18 ივნისის ¹373-ა ხელშეკრულებით დაგირავებულ იქნა ნ. დ-ძის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება;

2005 წელს მოსარჩელე სს “. ..ის” მოთხოვნით სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში მოპასუხეების ნ. დ-ძისა და გ. გ-ძის მიმართ, სადაც იგი მოითხოვდა მოპასუხეებზე 2173 აშშ დოლარის დაკისრებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სს “. ..ის” სარჩელი დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, რის შემდეგაც იმავე წლის 18 აგვისტოს სს “. ..სა” და ნ. დ-ძეს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც ნ. დ-ძემ აიღო ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 2005 წლის 27 დეკემბრამდე დაეფარა 2003 წლის 18 ივნისის ¹373 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიმართ არსებული დავალიანება 2173 აშშ დოლარის ოდენობით;

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მორიგების აქტით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ნ. დ-ძე გარკვეული ვადის განმავლობაში იხდიდა თანხებს, ხოლო შემდგომში შეწყვიტა გადახდა და გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 1623 აშშ დოლარის ოდენობით;

2008 წლის 28 თებერვალს სს “. ..მა” სასამართლოში შეიტანა განცხადება გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, რომლითაც ბანკმა 2003 წლის 18 ივნისის ¹373 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა ნ. დ-ძეზე სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის _ 1098 აშშ დოლარის დაკისრება, რაც ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის ¹2-190 ბრძანებით დაკმაყოფილდა და შევიდა კანონიერ ძალაში. ხოლო იმ დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, რომელიც ნ. დ-ძეს დარჩენილი ჰქონდა გადასახდელად 2005 წლის 18 აგვისტოს მორიგების აქტის საფუძველზე, სს “. ..მა” სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ 2009 წლის 15 აპრილს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან ნ. დ-ძის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა მორიგების აქტით ვალდებულების შესასრულებლად დათქმული ვადის გასვლიდან სამი წლის შემდეგ. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელისათვის თავისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო იმ დღიდან, როცა დამთავრდა ხელშეკრულების შესრულების ვადა, ანუ 2005 წლის 27 დეკემბრიდან, ხოლო სარჩელი კი მხოლოდ 2009 წლის 15 აპრილს წარადგინა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ, ვინაიდან ბანკმა 2008 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სასამართლოს გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება ძირითად დავალიანებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2008 წლის 28 თებერვლის განცხადება გადახდის ბრძანების შესახებ ეხებოდა 2003 წლის 18 ივნისის ¹737 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას პროცენტის გადახდევინების შესახებ, ძირითად დავალიანებაზე კი მხარეებს შორის 2005 წლის 18 აგვისტოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულებულიყო იმავე წლის 27 დეკემბრამდე, შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, განსახილველი სარჩელი ეხებოდა ახალი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით დადგენილი წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნ. დ-ძესა და გ. გ-ძისათვის 1623 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “. ..ის” ლიკვიდატორმა ბ. პ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია, თუ რატომ არ ჩათვალა სასამართლომ მოპასუხის აღიარება 1098 აშშ დოლარის ნაწილში საკმარის მტკიცებულებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად და რატომ არ დააკმაყოფილა სარჩელი;

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არაფერს ამბობს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე მითითებით;

კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოთხოვნაზე, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ითხოვდა 2008 წლის 7 მარტის გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხისა და ამჟამად დასაკისრებელი თანხის გადასახდელად.

ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს სს “.. ..სა” და ნ. დ-ძეს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც ნ. დ-ძემ აიღო ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 2005 წლის 27 დეკემბრამდე დაეფარა ბანკის მიმართ არსებული დავალიანება 2173 აშშ დოლარის ოდენობით; მორიგების აქტით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ნ. დ-ძე გარკვეული ვადის განმავლობაში იხდიდა თანხებს, ხოლო შემდგომში შეწყვიტა გადახდა და გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 1623 აშშ დოლარის ოდენობით; სს “.. ..მა” სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ 2009 წლის 15 აპრილს ანუ მორიგების აქტით ვალდებულების შესასრულებლად დათქმული ვადის გასვლიდან სამი წლის შემდეგ. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ და, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

კასატორის მტკიცება იმის შესახებ, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არაფერს ამბობს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სააპელაციო პალატამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ, ვინაიდან ბანკმა 2008 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სასამართლოს გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება ძირითად დავალიანებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2008 წლის 28 თებერვლის განცხადება გადახდის ბრძანების შესახებ ეხებოდა 2003 წლის 18 ივნისის ¹737 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას პროცენტის გადახდევინების შესახებ, ძირითად დავალიანებაზე კი მხარეებს შორის 2005 წლის 18 აგვისტოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულებულიყო იმავე წლის 27 დეკემბრამდე, შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, განსახილველი სარჩელი ეხებოდა ახალი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას და მასზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მითითებული ნორმის საფუძველზე მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს თანხის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება 2008 წლის 7 მარტის გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის გადასახდელად იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ კასატორის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ მოთხოვნაზე. გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება თუ რომელი ფაქტები ჩათვალა სასამართლომ დადგენილად და რომელი ფაქტები შეაფასა სამართლებრივად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნაზე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება 2008 წლის 7 მარტის გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის გადასახდელად იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.