საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
2კ-330აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №330აპ-18 ქ. თბილისი

მ. პ. 330აპ-18 14 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. შ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. შ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. შ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 1 ივნისის ჩათვლით. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბ. ი-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ბ. ი., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა და შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით ბ. ი-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 10000 ლარის ნაცვლად შეტანილ, დ. ი-ს (პნ ....) და შ. ი-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გირაოს შესატანი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონების წილზე) მდებარე - ქ. თ., ტ. (დაზუსტებული ფართობი 500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ნაკვეთის წინა ნომერი - ..., ახალი საკადასტრო კოდი - ..., ზონა - გარდაბანი -...; სექტორი - ტ. .... ; კვარტალი - ტ. – 3.., ნაკვეთი - ...) დადებული ყადაღა.

თ. ს., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 1 ივნისიდან.

პ. მ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 1 ივნისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების - პ. მ-ს, თ. ს- ს, ბ. ი-ს და ა. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის მაისში პ. მ. დაუკავშირდა თ. ს-ს და გაანდო დანაშაულებრივი გეგმა, კერძოდ, პ.- მ-მ და თ. ს-მ დაგეგმეს ყალბი ფულის რეალიზაცია და მისი სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, თ. ს-მ შეძენილი ყალბი ფულის გასასაღებლად პ. მ-ს გააცნო ბ. ი., რომელსაც პ. მ-მ 2016 წლის მაისში გასასაღებლად სულ, ჯამურად გადასცა 70 ცალი ყალბი აშშ 100-დოლარიანი კუპიურა. თავის მხრივ, ბ. ი-მ 2016 წლის 24 მაისს 3 ცალი ყალბი აშშ 100-დოლარიანი კუპიურა გადასცა დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულ ზ. ჯ-ს და ა. შ-ს შემდგომი გასაღების მიზნით, ხოლო ა. შ-მ და ზ. ჯ-მ 3 ცალი აშშ 100-დოლარიანი კუპიურიდან 2016 წლის 24 მაისს 1 ცალი კუპიურა გაასაღეს ქ. თ., მ. ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 2 ცალი ყალბი აშშ 100-დოლარიანი კუპიურა დაუბრუნეს ბ. ი-ს. ამის შემდეგ მოქმედებდნენ რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ბ. ი-მ გასაღების მიზნით, პ. მ-სგან მიღებული კუპიურებიდან დარჩენილი 69 ცალი ყალბი აშშ 100-დოლარიანი კუპიურა, შემდგომი გასაღების მიზნით, კვლავ გადასცა ზ.ჯ-ს და ა.შ-ს, რომლებმაც ყალბი ფული - 69 ერთეული აშშ 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღეს 2016 წლის 25 მაისს ქ.თ., ა-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით პროკურორ მიხეილ სადრაძესა და მსჯავრდებულ თ. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 1 ივნისიდან.

აპელანტის მოთხოვნა: აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. მ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. მ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც პ. მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქმე №490აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), N45/1997/829/1035, 25/03/1998, §37). სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არცერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33). განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია როგორც მტკიცებულებათა წარდგენის, ისე - საქმესთან დაკავშირებულ ყოველ მნიშვნელოვან დეტალზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. დაცვის მხარის პოზიციები და მისი არგუმენტების გაზიარებაზე უარის თქმის მოტივები აისახა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე