საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054929
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№118აპ-18 ქ. თბილისი
თ-ი ბ. 118აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით ბ. თ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ბ. თ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით; ბ. თ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში; ბ. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ს-ში, მ-ას ქუჩაზე, გ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. თ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ხელთ არსებული დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. მ-ს გულმკერდში მიაყენა დაზიანებები; დროული ქირურგიული ჩარევის შედეგად გ. მ-ი სიკვდილს გადარჩა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს 19.108-ე მუხლებითა და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, დაცვის მხარემ სადავო გახადა არა დანის გამოყენებით დაჭრის ფაქტი, არამედ - დაზარალებულის მოკვლის განზრახვა; ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულს დაზიანებები სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში აქვს მიყენებული, კერძოდ, გულსა და ღვიძლში, დანაშაულის ჩასადენად კი გამოყენებულია 15 სანტიმეტრი სიგრძის დანა და ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბ. თ-მა პირველი დარტყმის შემდეგ დანა მეორედაც მოიქნია; საავადმყოფოში მიყვანისას მსჯავრდებულს მართლაც აღარ სურდა დაზარალებულის სიკვდილი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ქმედების ჩადენის მომენტში მკვლელობის სურვილის არსებობას.
6. კასატორის მითითებით, ყველა შემთხვევაში იკვეთება არაპირდაპირი განზრახვა მაინც, ვინაიდან ბ. თ-ს მთელი დღე თან ჰქონდა სახლიდან აღებული სამზარეულოს დანა; მან კარგად იცოდა მისი პარამეტრები და ამის მიუხედავად, ორჯერ ჩაარტყა გულმკერდსა და მუცელში დაზარალებულს; მოკვლის განზრახვა აღმოცენდა დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ ღირსების შემლახველი ქმედებებისა და შეურაცხყოფის გამო.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №227აპ-16 გადაწყვეტილება), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ. თ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის - მსჯავრდებულისა და დაზარალებულის მეგობრობის ფაქტზე და იმ გარემოებაზე, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ბ. თ-ს ხელს არაფერი უშლიდა), რომლებიც გამორიცხავს ბ. თ-ის მხრიდან მკვლელობის განზრახვის არსებობას.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე