საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061147
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№381აპ-18 ქ. თბილისი
ნ. ხ., 381აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ხ. ნ., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 4 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ნ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ-ის რაიონის დაბა თ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხ. ნ-მა ეჭვიანობის ნიადაგზე დანის მრავალჯერ დარტყმით მეუღლეს – ე. გ-ს თექვსმეტი დაზიანება მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის – შემავალი ჭრილობები გულმკერდის ღრუში, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა კ. ა-მა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ხ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ მოტივით, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 ოქტომბრის №---- დასკვნით დადასტურდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ხ. ნ. იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ს. ნ-ას, ი. გ-ის, გ. დ-ის, ხ. ჭ-ის, მ. ბ-ის ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ხ. ნ-მა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ე. გ-ის განზრახ მკვლელობა.
8. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საჩივრის მოტივს, რომ ხ. ნ-მა მეუღლე მოკლა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, ვინაიდან დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 ოქტომბრის №-- დასკვნა, რაზეც აპელირებს კასატორი და რაც გამოიკვლიეს სასამართლო სხდომაზე, არ არის კატეგორიული, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. განსხვავებით ზემოაღნიშნული დასკვნისა, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით სასამართლომ გამოიკვლია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 22 ივნისის №-- დასკვნა, რომლის თანახმად: „ხ. ნ. ფსიქიკურად დაავადებული არ არის; მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ხ. ნ. არ იყო ფსიქიკურად დაავადებული, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მათთვის; ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს ხ. ნ. არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში“. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა.
9. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ექსპერტებსა და გამოსაკვლევ პირს – ხ. ნ-ს შორის არ იყო სათანადო კომუნიკაცია, ვინაიდან ამ პროცესში არ მონაწილეობდა კომპეტენტური თარჯიმანი. მითითებული მოსაზრება საქმის მასალებით არ დასტურდება, მეტიც: ექსპერტიზის ჩატარების დროს კვლევაში მონაწილეობდა ბრალდებულის ადვოკატი, რომელსაც, ისევე, როგორც თავად ბრალდებულს, თარგმანთან მიმართებით რაიმე შენიშვნა ან პროტესტი არ გამოუთქვამს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ხ. ნ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ამიტომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ხ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე