საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
2კ-431აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063482

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №431აპ-18 ქ. თბილისი

მ. გ. 431აპ-18 20 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გ. მ., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 25 დეკემბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. თ., რ. ხ-ს ქუჩაზე, N- კორპუსის … სადარბაზოსთან, გ. მ-მ ნაცნობს, მ. ო-ს გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა - დაახლოებით 31700 აშშ დოლარი და გაიქცა რ. ხ-ს ქუჩაზე მდებარე N-- კორპუსის მიმართულებით. მ. ო. გაეკიდა გ. მ-ს. იქვე არსებულ ავტოფარეხთან დაეწია და შეეცადა, დაებრუნებინა გატაცებული ხელჩანთა. გ. მ-მ წინააღმდეგობის დასაძლევად მ. ო--ს მკვრივი, ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში და დაუფლებული ხელჩანთით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მისი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 87809 ლარის - დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ს გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. დაზარალებულ მ. ო. და მოწმეების - ა. ს-ს, ზ. ო., ნ. რ-ს, თ. თ-ს, თ. დ-ს, ქ. წ-ს, ბ. ბ. და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მაგალითისთვის იხ. №161აპ-16, №151აპ-09), ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43).

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე