საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700063023
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №424აპ-18 ქ. თბილისი
ა. ა. 424აპ-18 27 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ა-ს ბრალი დაედო დამნაშავეზე მატერიალურად დამოკიდებული ორი პირის, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და მისივე თანდასწრებით ოჯახის მეორე წევრის – მეუღლის მიმართ სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულთა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე ან 118–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, „კ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.
ა. ა-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2009 წელს ლ-ს რაიონის სოფელ გ- ში მცხოვრები ე. ა. ცოლად გაჰყვა თანასოფლელ ა. ა-ს. თანაცხოვრების პერიოდში ა. ა.- არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ა. ა-ს თანდასწრებით სისტემატურად სცემდა თავისზე მატერიალურად დამოკიდებულ მეუღლეს და ანთებული სიგარეტით უწვავდა სხეულის სხვადასხვა ადგილს, რითაც მას აყენებდა ფიზიკურ ტანჯვას, ხოლო ფიზიკური ძალადობის შემდეგ იგი სუიციდისკენ უბიძგებდა. თვითმხილველი 7 წლის ა. ა. ტირილით სთხოვდა მამას, შეეწყვიტა დედამისის ტანჯვა, რის საპასუხოდაც ა. ა. ასევე სისტემატურად ძალადობდა თავისზე მატერიალურად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილზე და ფიზიკური ტკივილის მიყენებით აიძულებდა ტირილის შეწყვეტას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მე–2 ნაწილის „დ“, „კ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ა. ა., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2009 წელს ლ-ს რაიონის სოფელ გ-ში მცხოვრები ე. ა. ცოლად გაჰყვა თანასოფლელ ა. ა-ს. თანაცხოვრების პერიოდში ა. ა. სისტემატურად სცემდა და ანთებული სიგარეტით უწვავდა სხეულის სხვადასხვა ადგილს – ე. ა-ს, რითაც მას აყენებდა ფიზიკურ ტკივილს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა ა. ა-ს მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 111,126–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, „კ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენში ა. ა-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:
ა. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მე–2 ნაწილის „დ“, „კ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის 12-ლ ნაწილზე.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან და რაც მას განაჩენის გამოტანის მომეტისათვის მოხდილი ჰქონდა.
5. კასატორის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მე–2 ნაწილის „დ“, „კ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე