დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1215-1066-2010 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “კ.”
დავის საგანი – ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს “კ.-ს” მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 14 172 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2007 წლის 29 ივნისს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს “კ.-ს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ბათუმის საჯარო სკოლების (¹4, ¹7,¹8, ¹9, ¹10, ¹12, ¹13, ¹14, ¹15 და ¹19) სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს დასრულების კონკრეტული ვადა _ 2007 წლის 11 სექტემბერი. იმის გამო, რომ შპს “კ.-მ” საჯარო სკოლების (¹7 და ¹10) სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ფორს-მაჟორის შესახებ სამინისტროს აცნობა 17 დღის დაგვიანებით, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის ხელშეკრულების შესრულების ადადარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, მითითებულ სკოლებში სამუშაოთა შეფერხების ობიექტური მიზეზების შესახებ, მათ სამინისტროს წერილობით შეატყობინეს არათუ 17 დღის დაგვიანებით, არამედ ერთი დღით ადრეც კი. შესაბამისად, მათი მხრიდან ვალდებულების არადროულ შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებაში არ დგინდებოდა შპს “კ.-ს” ბრალეულობა, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 29 ივნისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა; აღნიშნული ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 11 სექტემბერი. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების მე-14.1 მუხლზე, რომლის თანახმად “თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით” და აღნიშნა, რომ განსახილევლ შემთხვევაში უდავოდ იყო დადგენილი ის გარემოება, რომ ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შპს “კ.-ს” დირექტორის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹150 წერილით ეცნობა, რომ ¹7 და ¹10 საჯარო სკოლებში ცნობილი მიზეზების გამო სამუშაო სრულად არ დასრულებულა, კერძოდ, ¹10 სკოლის სახურავი ჯერ კიდევ არ იყო გამომშრალი, ხოლო ¹7 სკოლაში მიმდინარეობდა პროექტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა. ამასთან, დირექტორი ითხოვდა სკოლების (¹7 და ¹10) ჩაბარებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდებოდა, რომ შპს “კ.-ს”, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბრალი არ მიუძღვოდა ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექისს 629-ე, 361.2-ე, მე-400, 401-ე და 417-ე მუხლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹150 წერილი არასწორად მიიჩნია ხელშეკრულების 14.1 მუხლის მოთხოვნის დაცვად, ვინაიდან აღნიშნული წერილით მხარე მოითხოვდა სამუშაოების მიღებას და არ მიუთითებდა ხელშემშლელი გარემოებების ხანგრძლივობასა და ვადის გადაწევის თაობაზე;
სასამართლოს ფატქობრივი დასაბუთება მასზე, რომ პირგასამტეხლო სამინისტრომ მოითხოვა 2007 წლის 11 სექტემბრიდან 2007 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდისათვის, მაშინ,შ როცა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები შედგა უფრო გვიან, რაც ცხადყოფდა, რომ სამინისტრო დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას, კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან შპს “კ.-მ” წარმოდგენილი წერილით იმოქმედა ხელშეკრულების პირობათა დაცვით, რის გამოც 2007 წლის 28 სექტემბრის შემდგომი დაგვიანება სამინისტრომ მას არ ჩაუთვალა ვალდებულების ვადაგადაცილებად და არ გაავრცელა მასზე პირგასამტეხლო.
ასევე არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოპასუხე მხარეს ბრალი არ მიუძღვის ხელშეკრულების ვადაგადაცილებაში, ვინაიდან მოპასუხეს 2007 წლის 10 სექტემბრის წერილით არ უთხოვია ვადის გადაწევა, მან მოითხოვა კომისიის გამოყოფა ობიექტების ჩასაბარებლად ფაქტორბვიად გაწეული სამუშაოების მიხედვით, რაც ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების პირობებს და მიუღებელი იყო სამინისტროსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მითითებული წერილი შპს “კ.-ს” მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამომრიცხავ გარემოებად არ უნდა მიჩნეულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელ ქეთევან უტიაშვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.