დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.02.2011
საქმის ნომერი
ას-1216-1067-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1216-1067-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ თ. ბ-შვილი (ბ.-დ. შ-აი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ბ-იანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ბ-იანმა მოპასუხე თ. ბ-შვილის (იგივე ბ.-დ. შ-აის) მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე უძრავი ნივთის 4/32 ნაწილში განთავსებული 23.84 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა თანხის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელის განმარტებით, ის რეგისტრირებული იყო ზემოხსენებულ ფართში, რომელიც დღეისათვის ირიცხებოდა მოპასუხე თ. ბ-შვილის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, მისი წინაპრების მიერ აღნიშნული ფართით სარგებლობის უფლება მოპოვებულ იქნა ამ ფართის მესაკუთრისათვის გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელე, როგორც მოსარგებლე, “საცხოვრებელი სადგმოთ სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა მოპასუხე თ. ბ-შვილისთვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 3576 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ 23,84 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემას (ტომი 1, ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა მოსარჩელე ი. ბ-იანის მიერ მოპასუხე ბ.-დ. შ-აისათვის 3576 აშშ დოლარის გადახდის მომენტიდან მოპასუხისათვის სადავო ფართზე საკუთრების უფლების შეწყვეტა და მისი ი. ბ-იანისათვის გადაცემა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ბ-იანი ფლობდა და სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი სადგომით და აგრეთვე მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის ფაქტი, რომ მოპასუხე თ. ბ-შვილმა შეიცვალა სახელი და გვარი, მის ახალ სახელს წარმოადგენდა “შ-აი” ხოლო გვარს “ბ.-დ.ი”.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ თ. ბ-შვილი, იგივე შ-აი ბ.-დ.ი წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ბარათით დადგინდა, რომ მოსარჩელე ი. ბ-იანი სადავო საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებული იყო 1982 წლის 7 აპრილიდან და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 14304 აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სასამართლომ იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” პუნქტით, მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება და მოსარჩელე ი. ბ-იანი წარმოადგენდა “საცხოვრებელი სადგმოით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელეს არ სთავაზობდა თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგმოს გათავისუფლებას, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც მესაკუთრე უარს განაცხადებდა მოსარგებლისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება ქონდა მესაკუთრისთვის მოეთხოვა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სთავაზობდა კანონით დადგენილი ოდენობის თანხას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 1, ს.ფ. 171-175)

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ-აი ბ.-დ.მა (თ. ბ-შვილმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს არ სთავაზობდა თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლებას. მოპასუხე მხარე (ფართის მესაკუთრე) მოწოდებული იყო, რომ მოსარჩელე მხარისათვის სათანადო კომპენსაცია გადაეხადა და ფართი განთავისუფლებულიყო. მოსარჩელის მხრიდან თანხის შეთავაზება მოხდა სასამართლო სხდომაზეც და პირად საუბრებშიც და ამ საფუძვლით სასამართლო სხდომაც კი გადაიდო (ტომი 1, ს.ფ. 180-187).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით ბ.-დ. შ-აის (თ. ბ-შვილის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით უნდა აღეძრა შეგებებული სარჩელი, რაც მას არ გაუკეთებია (ტომი 2, ს.ფ. 80-87).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-შვილმა (ბ.-დ. შ-აიმ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ბ-იანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, მან სადავო ფართზე თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით აღძრა სარჩელი საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული, თვითონ ფაქტი მოწმობდა მესაკუთრის მიერ ნების გამოვლენას თავისი უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად სასამართლომ არასწორად განმარტა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგო იყო მითითება იმ გარემოებაზე, რომ მესაკუთრეს ამ შემთხვევაში აუცილებლად შეგეგებული სარჩელი უნდა აღეძრა და არა დამოუკიდებელი სარჩელი, რაც ამ შემთხვევაში გააკეთა თ. ბ-შვილმა (ტომი 2, ს.ფ. 96-103).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-შვილის (ბ.-დ. შ-აის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ბ-შვილის (ბ.-დ. შ-აის) საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-შვილის (ბ.-დ. შ-აის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ თ. ბ-შვილს (ბ.-დ. შ-აის) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.