საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
2კ-2აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700072547

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №2აპ-19 ქ. თბილისი

მ. ა–ე, 2აპ-19 2 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები; მოწმე გ. ნ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ა. მ–სა და გარდაცვლილ გ. ხ–ს ჰქონდათ უთანხმოება კომერციულ წილებთან დაკავშირებით, რაზეც ისინი საუბრობდნენ შემთხვევის დღეს; შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მოწმე მ. გ–მ ქ. თ ...........ში, ..........სა და ........ის ქუჩების კვეთაზე, ნახა გ. ხ–ი, რომელიც შ. მ–სა და ა. მ–ს ესაუბრებოდა; მოწმე გ. ნ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1... წლის .. ივლისს ა. მ–მ მისგან წაიღო კუთვნილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც წინა დღეს მან გაისროლა ..........ის ქ. №..-ში მდებარე სახლის აივნიდან; შემთხვევის ადგილიდან -ქ. .........ში, ..........სა და ..........ის ქუჩების კვეთაზე ამოღებული 14 მასრა, ..........ის ქ. №..-ის ეზოდან ამოღებული 2 მასრა და გ. ნ–ის სახლიდან ამოღებული ცარიელი მასრა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, გასროლილია ერთი და იმავე ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. მ–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

ა. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1993 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ა. მ–ა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ორი საბრძოლო მჭიდით შეიარაღებული, ,,............ის“ ტიპის ავტომანქანით გამოვიდა თავისი საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა ქ. .......ში, ......სა და ...........ის ქუჩების კვეთაზე, სადაც იმყოფებოდა მისი ნაცნობი გ. ხ–ი, რომელთანაც ჰქონდა კონფლიქტი. მისი დანახვისთანავე, ა. მ–ა გადმოვიდა ავტომანქანიდან, დაუმიზნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რის შედეგადაც გ. ხ–ი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა. მ–ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით ა. მ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გოჩა ქორაიამ. აპელანტმა მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ა. მ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ ადასტურებს ა. მ–ს მიერ გ. ხ–ის მკვლელობის ფაქტს, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხულ, ასევე მოწმეთა გამოქვეყნებული ჩვენებებით დგინდება, რომ არცერთი მათგანი არ არის მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი პირი და, შესაბამისად, ვერავინ გადმოსცემს მკვლელობის დროს განვითარებულ მოვლენებს, თუ რა მოხდა, ან ვინ ესროლა გარდაცვლილს. მათი ნაწილი შემთხვევის ადგილზე მივიდა მხოლოდ მკვლელობის შემდეგ, ხოლო ნაწილი კი აცხადებს, რომ გაიგეს იარაღიდან გასროლის ხმები, თუმცა ვინ ისროლა, არ იციან და არ დაუნახავთ. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიცია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც სხვა რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებით. ის ფაქტი, რომ მოწმეთა ნაწილმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა „რენოს“ მარკის ავტომანქანა, რომლის ანალოგიური ჰყავდა ა. მ–ს მამას, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მითითებული ავტომანქანების იდენტურობა, ასევე, მასში მსხდომ პირთა რაოდენობა და ვინაობა, ასევე ის, თუ საერთოდ რა კავშირი აქვს ამ ავტომანქანას გ. ხ–ის მკვლელობასთან, ბუნებრივია, აღნიშნულიც ვერ იქნება მიჩნეული ა. მ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მხოლოდ დანაშაულის შესაძლო მოტივის არსებობა, რომ ა. მ–სა და გ. ხ–ს შორის არსებობდა უთანხმოება, რომელიც ასევე არ დასტურდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ასეც რომ იყოს, ეს ფაქტიც ვერ გახდება იმის უპირობოდ მტკიცების საფუძველი, რომ გ. ხ–ი განზრახ მოკლა ა. მ–მ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ბრალდების ეპიზოდს, არც მოწმე გ. ნ–ის, არც ბალისტიკური ექსპერტიზის დაკვნითა და არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა. მ–ა 1993 წლის 10 ივლისს გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით და რომ მან ესროლა დაზარალებულს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი

საქმე # 010141319700072547

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

საქმე №2აპ-19 ქ. თბილისი

მ–ა ა., 2აპ-19 24 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გამართლებულ ა. მ–ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვალს გამართლებულ ა. მ–ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

2. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მეორე პუნქტში ა. მ–ს დაბადების თარიღად მითითებულია - 1... წელი, რის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს - 1.... წელი.

3. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გამართლებულ ა. მ–ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

2. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მეორე პუნქტში ნაცვლად „დაბადებული 1... წელს“ , ჩაიწეროს: „დაბადებული 1... წელს“;

3. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინების განუყოფელ ნაწილს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი