საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
2კ-546აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002106690

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№546აპ-18 ქ. თბილისი

მ. ვ., 546აპ-18 8 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით ვ. მ., ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 6 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში, რ. თ-ის ქ.№-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. მ-მა დას – ქ. მ-ს, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ გადაადგილდებოდა და იყო უმწეო მდგომარეობაში, ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: პოლიტრავმა, მარცხენა ჰემოსფეროს სუბდურული ჰემატომა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც 2017 წლის 12 ივლისს ქ. მ-ის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ვ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას თავისი დის – ქ. მ-სათვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს ვ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

7.1. მოწმე ა. ს-ოს ჩვენებით, 2017 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 20 საათზე, ის შევიდა ქ. მ-ის ოთახში, სადაც საწოლზე იჯდა ვ. მ., ქ-ის კი მხოლოდ ფეხები დაინახა, მას თავი სკამის ქვეშ ჰქონდა და არ ჩანდა; როდესაც ა. ს-ომ ვ. მ-ს შესთავაზა დახმარება დაცემული დის წამოყენებაში, ბრალდებულმა უხეშად მოსთხოვა სახლის დატოვება. აღნიშნულის შესახებ მოწმემ უამბო თავის მეზობლებს.

7.2. მოწმე ც. ო-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 5 ივლისს ჩოჩქოლის ხმაზე მივიდა შეკრებილ ხალხთან და დაინახა ბინის ჩასასვლელ კართან ასფალტზე უგონოდ დაგდებული ქ. მ. იქვე უხმოდ იდგა მამაკაცი – ქ-ის ძმა ვ. მ-ი. მოწმის აზრით, ვინაიდან ქ. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, გამოთრეული იყო ჩასასვლელ კიბესთან და მას თავზე ედგა ბრალდებული.

7.3. მოწმე ზ. ა-ას ჩვენებით, ქ. მ. ინვალიდი იყო და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა; 2017 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 19 საათის შემდეგ, მას ეზოში შეხვდა ვ. მ., რომელსაც პერანგი, ხელები და ფრჩხილები სისხლიანი ჰქონდა; ცოტა ხნის შემდეგ ეზოში გამოვიდა ა. ს., რომელმაც მეზობლებს უამბო, რომ ქ. იატაკზე დაგდებული ნახა; ამ პერიოდის განმავლობაში ქ. მ-ის სახლში არავინ შესულა და გამოსულა; დაახლოებით 20 წუთში მეზობელმა დ. ს-მა ქ-ის სახლის კართან სილუეტი შენიშნა; ახლოს მისულმა მეზობლებმა ნახეს დაბლა დაგდებული, სისხლში ამოსვრილი, სახე- და კისერდამახინჯებული ქ. მ-ი, რომელთან ახლოს მშვიდად იდგა ვ. მ-ი, იღიმებოდა და ამბობდა, რომ ეს არ იყო ქ. და ის ოთახში, თავის საწოლში იწვა; ზ. ა. შევიდა ოთახში, სადაც მხოლოდ სისხლიანი საწოლი აღმოაჩინა. მისი ვარაუდით, ბრალდებულმა სცემა, მერე გარეთ გაისეირნა და სახლში დაბრუნებისას გააგრძელა მისი ცემა.

7.4. მოწმე დ. ს-ის ჩვენებით, ქ. მ-ი დაახლოებით 2 წელია, გარეთ არ გამოსულა, რადგან გადაადგილება უჭირდა; 2017 წლის 5 ივლისს, საღამოს საათებში, ეზოში რეცხავდა ნოხს; იქვე იყვნენ მეზობლებიც; მათ შემოესმათ კრუსუნის ხმა; ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ქ. დაბლა ეგდო, ხმას არ იღებდა და არ ინძრეოდა, ხოლო მისი ძმა ნასვამი იყო და საეჭვოდ იქცეოდა.

7.5. მოწმე თ. ბ-ის ჩვენებით, 2017 წლის 5 ივლისს იყო ეზოში, ჩოჩქოლის ხმაზე მიუახლოვდა მეზობლებს და დაინახა ასფალტზე დაგდებული ქალი და იქვე მდგარი მამაკაცი, რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა – აქრობდა და ანთებდა შუქს და მეზობლების შეკითხვაზე პასუხობდა, რომ ქ. სახლში იყო და დაგდებულ ქალს არ იცნობდა.

8. გარდა მოწმეების ჩვენებებისა, ვ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2017 წლის 30 აგვისტოს №-- დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №-- და ბიოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნებით, ექსპერტების – გ. ნ-ისა და ნ. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე