დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1289-1135-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ა-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-იას მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 5 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ლ. გ-იას მიმართ მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ..., მე-6 კვარტლის, მე-16 კორპუსში მდებარე, ¹8 ბინიდან გამოსახლების თაობაზე. Mმოპასუხე თვითნებურად აგრძელებდა ბინაში ცხოვრებას და, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ ტოვებდა. 2006 წლის 31 აგვისტოს მოპასუხე იძულებით გამოასახლეს ბინიდან. მოპასუხე 2 წელი და 8 თვე (2004 წლიდან 2006 წლის 31 აგვისტომდე) უკანონოდ ცხოვრობდა სადავო ბინაში. მოსარჩელე ცხოვრობს ბებიის ბინაში, არ გააჩნია შემოსავალი, მას სურდა ბინის გაქირავება და შემოსავლის მიღება, რის საშუალებაც არ მიეცა მოპასუხის ქმედების გამო.
Mმოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელი ხანდაზმულია, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2003 წლის ნოემბერში, სარჩელი კი შეტანილია 2007 წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ითვალისწინებდა მხოლოდ მოპასუხის გამოსახლებას, მაგრამ მოპასუხე თანმხლებ პირებთან ერთად გამოასახლეს, მოსარჩელე ვერ შესძლებდა ბინის გაქირავებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ. გ-იას ი. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 3360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა ხანაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. გ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ი. ა-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (მე-2 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ა-შვილის სარჩელი ლ. გ-იას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ლ. გ-იასათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 1008.8 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ა-შვილის სარჩელი ლ. გ-იას ქ.თბილისში, ..., მე-6 კვარტლის, მე-16 კორპუსში მდებარე ¹8 ბინიდან გამოსახლების შესახებ. Gგადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 11 ნოემბერს, რაზედაც 2003 წლის 5 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2006 წლის 31 აგვისტოს ლ. გ-ია, რომელიც 2003 წლის 11 ნოემბრიდან 2006 წლის 31 აგვისტომდე, კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა სადავო ბინაში, იძულების წესით გამოსახლდა დასახელებული ბინიდან. პალატამ დადგენილად ცნო ასევე მოპასუხის სადავო ბინაში ცხოვრების პერიოდი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა 2004-2006 წლების ბინის ქირის ღირებულების შესახებ და ი. ა-შვილის ბებიის ბინაში ცხოვრების ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ ი. ა-შვილმა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2007 წლის 21 ნოემბერს. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ა-შვილის სარჩელი ლ. გ-იას სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, ვერ აღსრულდა იმ გარემოების გამოც, რომ ამ ბინაში ცხოვრობდა ი. ა-შვილის არასრულწლოვანი შვილი – მ. ა-შვილი და ლ. გ-იას დედა – ლი. გ-ია. მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდა და, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე არ იყო მითითებული სააღსრულებო ფურცელში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებით და არ დაეთანხმა ი. ა-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგად ვერ იქნება მიჩნეული ლ. გ-იას მიერ მის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ვინაიდან დადგენილია, რომ ამავე ბინაში ცხოვრობდა ი. ა-შვილისა და ლ. გ-იას არასრულწლოვანი, 1997 წლის 13 იანვარს დაბადებული შვილი – მ. ა-შვილი, ასევე ამ მისამართზე იყო რეგისტრირებული და ცხოვრობდა ლ. გ-იას დედა - ლი. გ-ია. ასევე, დადგენილად ცნო, ისიც, რომ ამ პირთა გამოსახლების მოთხოვნით სარჩელი ბინის მესაკუთრის მიერ არ ყოფილა აღძრული და, შესაბამისად, არ არსებობდა ბინიდან მათი გამოსახლების თაობაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი ამ ქონების გაქირავებით შესძლებდა შემოსავლის მიღებას. ამასთან, მიიჩნია, რომ მითითებული ზიანი ლ. გ-იასათვის წინასწარ სავარაუდო ვერ იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ა-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგად ვერ იქნება მიჩნეული ლ. გ-იას მიერ მის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ვინაიდან სადავო ბინაში ცხოვრობდა მოსარჩელისა და ლ. გ-იას არასრულწლოვანი შვილი – მ. ა-შვილი და ლ. გ-იას დედა – ლი. გ-ია. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის საცხოვრებელი პირობების შექმნა დაევალა მის დედას – ლ. გ-იას და არა მოსარჩელეს, ხოლო, რაც შეეხება ლ. გ-იას დედას, რომელიც მიწერილი იყო სადავო ბინაზე, აღნიშნული ფაქტი მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.