დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.03.2011
საქმის ნომერი
ას-1309-1153-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1309-1153-2010 01 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს «ს-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ს-შვილი

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს «ს-ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 7320 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1945 წლიდან მუშაობდა შპს «ს-აში», რომელმაც 2004 წლის 18 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც გახდა II ჯგუფის ინვალიდი და 80%-ით შრომისუუნარო. ტრავმის მიღების შემდეგ, შესაბამის სამსახურს მოსთხოვა სარჩოს დანიშვნა, რაზეც მოპასუხისაგან უარი მიიღო. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ს-ას», ვ. ს-შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 120 ლარის ოდენობით. აღნიშნულ გადაწყვტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების მიზნით, 2009 წლის 11 მაისს შეტანილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. ვინაიდან სარჩოს გადახდა დაიწყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ამდენად, მოსარჩელემ დაკარგა ტრავმის მიყენებიდან, 2004 წლის 18 იანვრიდან _ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2009 წლის 4 თებერვლამდე პერიოდის სარჩო, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 7320 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება მის სასარგებლოდ.

მოპასუხე შპს «ს-ის» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2005 წელს მოსარჩელეს წინა პერიოდის სარჩოს დაკისრება არ მოუთხოვია და, შესაბამისად, სასამართლო ვერ დააკისრებდა სარჩოს ტრავმის მიყენებიდან. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის პირველი მარტიდან და ამჟამად შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომელიც არ ითვალისწინებს მიუღებელი პერიოდის სარჩოს ანაზღაურებას. ამას გარდა, მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს-ას», ვ. ს-შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა 7320 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სააპელაციო საჩიავრი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს-ას» ვ. ს-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 18 იანვრიდან 2009 წლის თებერვლამდე სარჩო 7264 ლარის ოდენობით, ვ. ს-შვილს უარი ეთქვა, სარჩოს სახით, შპს «ს-ისათვის» 56 ალრის დაკისრებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 18 იანვარს შპს «ს-ის» ფილიალ თბილისის ს-ში, დეპოს დარაჯი ვ. ს-შვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცამოვარდა ელეტქრო მატარებლის მემანქანის კაბინის კიბიდან და ვარდნისას მიიღო სხეული მძიმე დაზიანება;

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ს-შვილის დამოუკიდებელი სარჩელი და შპს «ს-ის» ფილიალს _ «თბილისის ს-ს», მის სასარგებლოდ, დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 120 ლარის ოდენობით, შრომისუნარიანობის აღდგენამდე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს «ს-ისათვის» სარჩოს სახით 7320 ლარის დაკისრება 2004 წლის 18 იანვრიდან 2009 წლის 4 თებერვლამდე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა, ანუ მიუღებელი სარჩოს ოდენობა მითითებულ პერიოდში _ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, განსაზღვრა 61 თვეზე და მოპასუხეს დააკისრა 7320 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოაბაზე, რომ 2004 წლის 18 იანვრიდან 2009 წლის 4 თებერვლამდე არის 60 თველ და 16 დღე. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩოს ოდენობა, დღეში 4 ლარით (120:30) განსაზღვრით, 60 თვეზე იქნებოდა 7200 ლარი (120X60) და 16 დღეზე _ 64 ლარი (16X4), სულ 7264 ლარი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება შპს «ს-აზე» 56 ლარის (7320-7264) დაკისრების ნაწილში, გაუქმებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და სამოქალაქო კოდექსის 138-140 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩოს დაკისრების მოთხოვნით ვ. რ-შვილის მიერ სარჩელი აღძრული იყო 2005 წლის მარტში, რომელზეც გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 4 თებერვალს. გასახილველი სარჩელი კი, მან აღძრა 2009 წლის 6 ოქოტომბერს, რაც გამორიცხავდა სარჩელის ხანდაზმულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ს-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. ს-შვილი 2005 წლის სარჩელით არ აკონკრეტებდა, თუ რა პერიოდიდან ითხოვდა სარჩოს დაკისრებას, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ მას არ დაუყენებია წინა პერიოდის სარჩოს მოთხოვნა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის არ გამოყენებით, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც გახდა მიზეზი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღებისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (363.20 ლარი) 70% _ 254.24 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (363.20 ლარი) 70% _ 254.24 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.