გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
2კ-269აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.11.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001482050

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N269აპ.-18 ქ. თბილისი

შ-ი ა., 269აპ.-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. შ-მა, - დაბადებულმა -- წელს, - ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. შ-ი, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, 2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ი, ჭ-ისა და მ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, წინასწარი შეთანხმებით გ. ყ-თან ერთად, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, არაერთგზის დაეუფლა შ. დ-ის კუთვნილ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილურ ტელეფონს, პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, საბანკო ბარათებსა და ფულს - 150 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე, ა. შ-მა სცემა შ. დ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ. ყ-მა, - დაბადებულმა -- წელს, - ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ი, ჭ-ისა და მ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, გ. ყ-ი წინასწარი შეთანხმებით ა. შ-თან ერთად, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, არაერთგზის დაეუფლა შ. დ-ის კუთვნილ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილურ ტელეფონს, პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, საბანკო ბარათებსა და ფულს - 150 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით:

გ. ყ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ. ყ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

ა. შ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლ ნაწილსა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 2 აგვისტოდან.

3. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ა. შ-ი 2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ი, ჭ-ისა და მ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, არაერთგზის დაეუფლა შ. დ-ის კუთვნილ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილურ ტელეფონსა და ფულს - 120 ლარს.

ა. შ-მა სცემა შ. დ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბ-ი, ჭ-სა და მ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, გ. ყ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა შ. დ-ის კუთვნილ პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, საბანკო ბარათებსა და ფულს - 30 ლარს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. ყ-ს განემარტა უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

ა. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 5 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით , ა. შ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 5 თვით.

მსჯავრდებულ ა. შ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 29 იანვრამდე და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. შ-სა და გ. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ა. შ-მა სცემა შ. დ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

6. კასატორი - პროკურორი ზურაბ კონცელიძე ითხოვს, რომ მსჯავრდებული გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, ხოლო ა. შ-ი - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწლით და სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების თანახმად, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გათვალისწინებით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ. ყ-ისა და ა. შ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაზარალებულმა შ. დ-ემ როგორც გამოძიების დროს, ასევე სასამართლოში ცალსახად დაადასტურა შ-ისა და ყ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დანაშაულებრივი ქმედება ასევე დადასტურებულია წარდგენილი ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ნათლად ჩანს, შ. დ-ის ცემის შემდეგ, როგორ ეუფლება აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ დაზარალებულის ნივთების ნაწილს გ. ყ-ი, რასაც ხედავს შ-იც და ისიც იწყებს დაზარალებულის ნივთების დაუფლებას, რაც მიუთითებს ერთიან განზრახვასა და მათ საერთო სურვილზე დაუფლებოდნენ შ. დ-ის ნივთებს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშანს წარმოადგენს. გ. ყ-მა დაიწყო და შ-მა ფაქტობრივად დაასრულა ნივთების დაუფლების პროცესი. დანაშაულის დაწყებისთანავე მათ ჰქონდათ საერთო და შეთანხმებული განზრახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-ისა და ყ-ის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული ქონებრივი ზიანი არის ერთიანი და როგორც მტკიცებულებებით არის დადგენილი, ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. ამოღებული ნივთებით დადგენილია ზიანის ოდენობაც. კერძოდ, ამოღებულია ფულადი თანხა - 150 ლარი და მობილური ტელეფონი, რომელთა ერთობლიობა შეადგენს 150 ლარს ზემოთ ქონებრივ ზიანს და, შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაზარალებულმა შ. დ-ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს, დილით, სახლიდან გამოვიდა დაახლოებით 07:00 საათიდან 07:30 საათამდე დროის შუალედში. მიდიოდა ჭ-ის ქუჩაზე. ამ დროს იმავე ქუჩაზე არსებული ტოტალიზატორიდან გამოვიდა ორი ბიჭი. ერთ-ერთმა სთხოვა ტელეფონი. ვინაიდან იფიქრა, რომ შესაძლებელი იყო მისთვის ტელეფონი წაერთმიათ, უთხრა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა. იმავე ახალგაზრდამ მიმართა, თუ როგორ არ რცხვენოდა, რადგან ტელეფონი ჯიბეში ედო. ის მართლაც პერანგის ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ათხოვა, უკვე იმ მიზეზით, რომ თითქოს, ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. გააგრძელა გზა და მოესმა, რომ ახალგაზრდამ შეაგინა. ამაზე განაწყენებული, მიბრუნდა ბიჭისკენ და სახეში ხელი გაარტყა. მან კი დაუწყო ცემა, ერთი-ორჯერ თავში დაარტყა, შემდეგ წიხლიც ჩაარტყა გვერდში და ჩაიკეცა. მეორე ბიჭი აკავებდა, მას არ დაურტყამს. ახალგაზრდები დაამახსოვრდა. მას, ვინც სცემა და შეაგინა, ჰქონდა ხუჭუჭა თმა და ეცვა შორტი და ზედა, ხოლო მეორე რომელიც აკავებდა და არ უშვებდა, ეცვა მხოლოდ შორტი. ცემის შედეგად ვეღარ ამოისუნთქა, ჰაერი არ ჰყოფნიდა და ჩამოჯდა იქვე, ტროტუარზე. ჭიდაობაში დაეხა პერანგი. მისი ნივთები დაიყარა, მაგრამ აღების საშუალება არ ჰქონდა. ბიჭებმა მისი ნივთები აკრიფეს და წაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეძახდა, არ აეღოთ, მაგრამ მათ მაინც წაიღეს და წავიდნენ. ამ დროს დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანა და შეაჩერა, მოუყვა მომხდარის შესახებ. იცოდა, რომ ბიჭებმა ჩაუხვიეს გ-ას ქუჩაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაისვეს ავტომანქანაში. დაეწივნენ ახალგაზრდებს და გააჩერეს. ისინი გაჩხრიკეს და ჯიბიდან ამოუღეს მისი ნივთები ერთსაც და მეორესაც. რაც შეეხება ნივთებს, თან ჰქონდა რეცეპტები, თანხა - 150 ლარი სხვადასხვა კუპიურით, კუპიურები ზუსტად არ ახსოვს, მართვის უფლების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პ. ბანკის პლასტიკური ბარათი, საპენსიო ბარათი და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.

3. დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულადაა დადასტურებული მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

3.1. ვიდეოკამერის ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ 07:28:27 საათზე ახალგაზრდა ბიჭები (ა. შ-ი და გ. ყ-ი) და კუბოკრულპერანგიანი მამაკაცი (დაზარალებული შ. დ-ე) ერთმანეთს ხვდებიან. ა. შ-ი შ. დ-ეს ესაუბრება, ხოლო ეს უკანასკნელი წყვეტს მასთან საუბარს და აგრძელებს გზას ,,ბ-ის’’ მიმართულებით. ა. შ-ი აგრძელებს საუბარს და თან მიდის კ. გ-ას ქუჩის მიმართულებით. ამ დროს შ. დ-ე უკან ბრუნდება, მას წინ უდგება გ. ყ-ი, მაგრამ ის არ ჩერდება, მიდის ა. შ-თან და ურტყამს მას სახეში ხელს. გ. ყ-ი მათ შორის დგას და ცდილობს, ს. დ-ე მოაცილოს ა. შ-ს. ა. შ-ი ფეხს ურტყამს შ. დ-ეს. შემდეგ ერთი ხელით იჭერს, ხოლო მეორე ხელით ურტყამს თავში. გ. ყ-ს შ. დ-ე ხელებით უჭირავს, ხოლო შ-ი ურტყამს. ჩხუბში ერევიან ქუჩაში გამვლელები, რომლებიც შ-ს აცილებენ შ. დ-ეს და გვერდზე გაჰყავთ. დაზარალებული ქუჩის კუთხეში ჯდება, ხოლო შ-ი ცდილობს მასთან მიახლოებას. მათ შორის დგება ყ-ი და შ-ი მიჰყავს. ამ დროს კადრში ფიქსირდება, რომ ქუჩაში დაყრილია შ. დ-ის ნივთები. გ. ყ-ი მიდის ქუჩაში დაყრილ ნივთებთან და იწყებს აკრეფას. შ-იც მაშინვე მიდის მასთან. ორივე ერთად კრეფენ ქუჩაში დაყრილ ნივთებს და მიდიან კ. გ-ას ქუჩის მიმართულებით. შ. დ-ე აჩერებს საპატრულო მანქანას, რომელშიც ჯდება და მიდის კ. გ-ას ქუჩის მიმართულებით.

3.2. მოწმე ი. დ-ემ განმარტა, რომ მუშაობს ა-ის საპატრულო პოლიციის სამმართველოში. 2016 წლის 2 აგვისტოს მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა. შვიდიდან რვა საათამდე იქნებოდა, როდესაც ჭ-ის ქუჩაზე გააჩერა ასაკოვანმა მამაკაცმა, სახეზე ეტყობოდა დაზიანება. მისი განმარტებით, სცემეს და წაართვეს ნივთები. მან ხელით ანიშნა მათი გადაადგილების მიმართულება. ჩაისვეს მამაკაცი ავტომანქანაში და წავიდნენ მითითებული მიმართულებით. გ-ას ქუჩაზე, ზ-ის ქუჩის კვეთაში, ორი ახალგაზრდა მიდიოდა ნელი ნაბიჯით. შეაჩერეს ისინი, მათთან მყოფმა მამაკაცმა დაუდასტურა, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ ნამდვილად. ისინი შეაჩერეს და მოახდინეს მათი იდენტიფიცირება. მათ არც უარყვეს, რომ იჩხუბეს. ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციის მესამე განყოფილებას. ისინი რამდენიმე წუთში მოვიდნენ და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

3.3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჭ. გ-ემ.

3.4. მოწმის სახით დაკითხვისას გ. ბ-ემ განაცხადა, რომ მუშაობს ბ. პოლიციის მესამე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 2 აგვისტოს, დილის საათებში, პოლიციის მესამე განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქალაქ ბ-ი, კ. გ-ასა და ზ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, შეჩერებული ჰყავდათ ორი პირი ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. მეწყვილესთან ერთად გავიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი - ი. დ-ე და ჭ. გ-ე. იქვე იყვნენ მამაკაცი - შ. დ-ე და ორი ახლაგაზრდა პირი, როგორც შემდგომ გაირკვა - გ. ყ-ი და ა. შ-ი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ შ. დ-ეს, მისი განცხადებით, ამ ორმა ახალგაზრდამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვა პირადი ნივთები და ფულადი თანხა, რის გამოც იყვნენ შეჩერებულები. გამოიძახეს გამომძიებლები, მოვიდნენ ჯ. ზ. და კ. კ.. მათ ჩაატარეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ აღნიშნული პირები დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

3.5. 2016 წლის 2 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა. შ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი ,,ნოკია’’, იმეიკოდით -- 4 ცალი ათლარიანი კუპიურა ნომრებით: -------; ----; --------; D---------. ასევე 4 ცალი ოცლარიანი კუპიურა ნომრებით: -----; -------; ------ და --- 20 და 10-თეთრიანი მონეტები.

3.6. 2016 წლის 2 აგვისტოს გ. ყ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ამოიღეს შ. დ-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათი და პ. ბანკის პლასტიკური ბარათი, შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით იმეი კოდით: --------------. 6 ცალი 5-ლარიანი კუპიურა ნომრებით: -------,-----, -------, -------, ------, ------.

3.7. მოწმეებმა - ჯ. ზ-მ, გ. ა-მ, კ. კ-მ და ე. ჭ-ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. შ-მა და გ. ყ-მა განახორციელეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობა, კერძოდ: მიუხედავად შ. დ-ის მოწოდებისა, არ აეღოთ ფიზიკური კონფლიქტის შედეგად ძირს დაყრილი მისი ნივთები, ა. შ-ი და გ. ყ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ მათ და დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის კუთვნილი ნივთები მოგვიანებით ამოიღეს სამართალდამცავებმა ა. შ-ისა და გ. ყ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ბრალდებულებს შესაძლოა, დაზარალებულის კუთვნილი ნივთები თავისაში აერიათ ვინაიდან, გაუგებარია, რა განსაკუთრებულ ძალისხმევას შეიძლება საჭიროებს საკუთარი ნივთების ცნობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაზარალებული მოუწოდებდა მათ, არ აეღოთ ისინი.

6. უსაფუძვლოა ასევე პალატის მსჯელობა, რომ დაზარალებულს ბრალდებულების ქმედებაზე რეაქცია არ ჰქონდა და, შესაბამისად, ვერ აღიქვა ქმედების აშკარა ხასიათი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს ძარცვის შემადგენლობას, ვინაიდან, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა (რომლის სისწორეშიც პალატას ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია), რომ მოუწოდებდა არ წაეღოთ მისი ნივთები, ვიდეოჩანაწერებიდანაც აშაკარაა, რომ შ. დ-ე ხელებს იშვერს მათი მიმართულებით, ამასთან, იმის გამო, რომ გული გაუხდა ცუდად, მეტად ვეღარ შეუშალა მათ ხელი.

7. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოს, ძარცვის განზრახვას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ შ-ი და ყ-ი არც შემთხვევის ადგილიდან გაქცეულან და არც - საპატრულო პოლიციის დანახვისას, ვინაიდან დანაშაულის შემდგომი ქცევა არ გამორიცხავს წინარე ქმედების უკანონობას, მითუმეტეს იმის გათვალსწინებით, რომ ყ-ი - ნარკოტიკული, ხოლო შ-ი - ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

8. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ა. შ-ისა და გ. ყ-ის მიერ შ. დ-ის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლების ფაქტი. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მათ აღნიშნული ქმედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (№618აპ-15).

8.2. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული ჩანაწერებითა და დაზარალებულის ჩვენებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ-მა და ყ-მა განახორციელეს ძარცვის ობიექტური შემადგენლობა, რასაც არც საკასაციო პალატა მიიჩნევს სადავოდ, თუმცა მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა, მეტიც, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ნათლად ჩანს, რომ თითოეული მათგანის (ბრალდებულების) მოქმედება, როდესაც ისინი აშკარად ეუფლებიან შ. დ-ის კუთვნილ ნივთებს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, კერძოდ, ბრალდებულები მიემართებიან შემთხვევის ადგილიდან, მომენტალურად ჯერ გ. ყ-ი ბრუნდება და იღებს გარკვეულ ნივთებს, აღნიშნულს ხედავს ა. შ-ი, ისიც ბრუნდება და იღებს ძირს დაყრილ ნივთებს, შემდეგ გზას აგრძელებენ ერთად. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ა. შ-სა და გ. ყ-ს შორის ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტისათვის წინასწარი თანხმობა ქმედების ერთობლივად ჩასადენად არ ყოფილა და მათი მოქმედება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ხასიათის იყო.

9. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულების ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია ბრალდებულების მიერ ჯგუფური დანაშაულის ჩადენა, ხოლო ცალ-ცალკე თითოეული მათგანის მიერ დაუფლებული ნივთების ღირებულება აღემატება თუ არა 150 ლარს, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამოირიცხება ბრალდებულთათვის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების - ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ბრალად შერაცხვის სამართლებრივი შესაძლებლობა.

10. რაც შეეხება ა. შ-ს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემული ქმედების ჩადენისას იგი წარმოადგენდა ქურდობისთვის ნასამართლევ პირს, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლისა და 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც არაერთგზის ჩადენილი ძარცვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

11. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ასევე ა. შ-ის მიერ შ. დ-ის ცემის ფაქტი და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში დაცვის მხარეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია, დამატებით ამ საკითხზე არ მსჯელობს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. შ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გ. ყ-მა - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

13. სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და მიუთითებს:

13.1. გ. ყ-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირველადაა პასუხისგებაში, შემთხვევისას იყო 18 წლის, რის გამოც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიზანშეუწონელია მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია არასაპატიმრო სანქციის გამოყენებითაც.

13.2. რაც შეეხება ა. შ-ს, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. მართალია, ახალი დანაშაული მან გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მას სწორედ წინა ნასამართლობის გამო დაუმძიმდა კვალიფიკაცია, რის გამოც სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინებს მას, როგორც დამამძიმებელ გარემოებას, და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ა. შ-ს სანქციის მინიმუმი განესაზღვროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

3. გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 2 აგვისტოდან - 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით), შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.

4. ა. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

5. ა. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედ.) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -1000 ლარი.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 2 აგვისტოდან.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი გირაოსა და ყადაღის გაუქმების, ასევე -ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე

საქმე # 010100116001482050

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

N269აპ.-18 ქ. თბილისი

შ-ი ა-ე, 269აპ.-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულების - ა. შ-სა და გ. ყ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულების - ა. შ-სა და გ. ყ-ის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში დასაზუსტებელია მსჯავრდებულ ალექსანდრე შავლოხაშვილის სასჯელის ვადის ათვლის თარიღი და სასჯელის ვადაში ჩასათვლელი პერიოდი, რაც უნდა გასწორდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულების - ა. შ-ისა და გ. ყ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 9 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

4. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე