შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700068827
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№665აპ-19 1 მაისი, 2019 წელი
ს. ხ., 665აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გია შაიშმელაშვილისა და მსჯავრდებულ ხ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ. ს-ს ბრალად დაედო:
ü ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით;
ü სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ესე იგი სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ü ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
ხ. ს-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 24 ოქტომბერს, ღამის საათებში, ხ. ს-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თ., ს-ს ქუჩის -- ჩიხის №-ში მდებარე ა. მ-სა და თ. კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ. კ-ის კუთვნილ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულ თ. კ-ეს მიადგა 20 ლარის ქონებრივი ზიანი.
აღნიშნულის შემდეგ, ა. მ-სა და თ. კ-ის საცხოვრებელ სახლში მყოფი ხ. ს. შევიდა 14 წლის თ. ს-ისა და 12 წლის თ. ს-ის საძინებელ ოთახში, სადაც წინასწარი შეცნობით, საწოლში მძინარე, არასრულწლოვან თ. ს-ს დაუწყო ტუჩებში კოცნა და თავზე მოფერება, რა დროსაც შეიხსნა შარვლის ელვაშესაკრავი, ქამარი და საბნის ზემოდან დააწვა მას. ამ დროს თ. ს-ს გამოეღვიძა და შეშინებულმა დაიწყო ყვირილი. იმავდროულად გამოეღვიძა თ. ს-ის გვერდით მწოლ, ასევე არასრულწლოვან, 12 წლის თ. ს-საც, რომლის ასაკიც ხ. ს-ს წინასწარ ჰქონდა შეცნობილი და მანაც დაიწყო ყვირილი.
შემდეგ ხ. ს. წამოდგა საწოლიდან და შარვლის გახსნილი ელვა-შესაკრავიდან თ. ს-სა და თ. ს-თან მოახდინა სასქესო ორგანოს დემონსტრირება. ამ დროს თ. ს-მა და თ. ს-მა უმატეს ყვირილს, რის შემდეგაც ხ. ს. შეეცადა მიმალვას, თუმცა ა. მ-მა მისივე სახლის ეზოში შეაჩერა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ხ. ს., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ხ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ხ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ხ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 24 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, ასევე - ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: საფულე, მასში მოთავსებული 1 ცალი ერთდოლარიანი კუპიურა N----, ფულადი თანხა - 90 თეთრი, ხ. ს-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, სამი პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ბალიშისა და საბნის გადასაკრავები, რომლებიც დალუქული ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ხელის კვლები ერთ დაქტილოფირზე - აღბეჭდილი 1 CD დისკზე, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს;
ბრალდებულ ხ. ს-სგან ამოღებული ტანსაცმელი: მაისური (სვიტერი) და შარვალი, რომელიც დალუქული ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ხ. ს-სგან აღებული ნერწყვისა და სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, უნდა განადგურდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, აგრეთვე მსჯავრდებულმა ხ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჭ-მ.
სახელმწიფო ბრალდებამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა ხ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების, ქურდობის გადაკვალიფიცირება ქურდობის მცდელობაზე ან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ხ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ხ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.
ხ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ხ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 24 ოქტომბრიდან.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ხ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და მსჯავრდებულ ხ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჭ-მ.
კასატორი - ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი გია შაიშმელაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ხ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
კასატორი - მსჯავრდებულ ხ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ხ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ ბრალდებებში, ხოლო ალტერნატივის სახით ქურდობის ბრალდების ნაწილში საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედების, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ხ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ხ. ს-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის პოზიციას ხ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად) დამნაშავედ ცნობის ნაწილში, კერძოდ:
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ხ. ს-ის ქმედებაში გამოკვეთილია არა ქურდობის დამთავრებული შემადგენლობა, არამედ - მცდელობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. როგორც ცნობილია, ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. შესაბამისად, ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და მას უჩნდება მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა.
5. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ: დაზარალებულების - თ. ს-ის, თ. ს-ისა და თ. კ-ის, მოწმეების - ა. მ-ს, გ. გ-ას ჩვენებებით, ბრალდებულ ხ. ს-ის პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხ. ს-მა უკანონოდ შეაღწია ა. მ-სა და თ. კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი თავდაპირველად შეამჩნიეს აღნიშნულ სახლში მყოფმა და მცხოვრებმა პირებმა - თ. და თ. ს-ებმა, ხოლო შემდეგ - ა. მ-მა და თ. კ-ემ. ხ. ს. შეეცადა სახლიდან მიმალვას და გაიქცა ეზოში, მაგრამ მას გაეკიდა ა. მ., რომელსაც დასახმარებლად მოუხმეს თ. და თ. ს-ებმა. როდესაც ხ. ს. ცდილობდა ეზოს ღობეზე გადასვლას და მიმალვას, ა. მ-მა შეძლო მისი დაკავება. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა დაკავებული ხ. ს-ის პირადი ჩხრეკისას, მისი ჯინსის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს დაზარალებულ თ. კ-ის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ცხადყოფს, რომ ხ. ს-ს ქურდობის შემადგენლობა დასრულებული არ ჰქონდა, ვინაიდან მას ფარულად დაუფლებული ნივთის თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობა არ მისცემია, რადგან იგი მიმალვის მცდელობისას სახლის ეზოში დააკავა ა. მ-მა. ამდენად, ხ. ს-ის ქმედება ქურდობის ნაწილში არ წარმოადგენს დამთავრებულ დანაშაულს, რის გამოც მისი ქმედება მსჯავრდების ამ ეპიზოდში სააპელაციო პალატამ სწორად გადააკვალიფიცირა ქურდობის მცდელობაზე.
6. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ხ. ს. ქურდობის მიზნით არ შესულა საცხოვრებელ სახლში, არამედ მას სურდა ამ სახლში მცხოვრებ მ. მ-თან ფარული შეხვედრა, რომელთანაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და მას ხშირად ხვდებოდა მისსავე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. თავის მხრივ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ. მ-მა უარყო ხ. ს-თან ნაცნობობისა და მასთან რაიმე სახის ურთიერთობის ფაქტი.
7. რაც შეეხება ხ. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლითა (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად) (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ესე იგი სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარდგენილ ბრალდებებს, რომელთაგან იგი გამართლდა სსკ-ის 141-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მსჯავრი დაედო სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად), საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
8. სააპელაციო პალატა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენაში ხ. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტებად უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მძინარე, არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ. ს-ის ლოგინზე დაწოლილმა ხ. ს-მა ჩაიხადა შარვალი, ტრუსი, ამოიღო სასქესო ორგანო, რის შემდეგაც ზემოდან დააწვა საბანზე თ. ს-ს და დაუწყო თავზე მოფერება და ტუჩებში კოცნა, რისი გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა თ. ს-ის მიმართ ჩაიდინა გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტი, რაც წარმოადგენს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ობიექტური მხარის ერთ-ერთ ნიშანს.
9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას საქმის ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ეთანხმება მის სამართლებრივ შეფასებას შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ:
10. როგორც ცნობილია, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით იგულისხმება არაბუნებრივი სექსუალური კონტაქტის ნებისმიერი ფორმა (გარდა მამათმავლობისა და ლესბოსელობისა), რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი გამოკვეთილია მაშინ, როცა ქმედება გარეგნულად სქესობრივი კავშირის იმიტაციას ქმნის, ჰგავს და აღიქმება სექსუალურ კავშირად, მაგრამ განხორციელებულია არაბუნებრივი ფორმით (მაგალითად, მამაკაცის სექსუალური კავშირი ქალთან ქალის სწორი ნაწლავის მეშვეობით და სხვ.) წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი, თუნდაც ასეთი ქმედება პირს სექსუალურ კმაყოფილებას ანიჭებდეს.
11. ხოლო გარყვნილი ქმედების ჩადენის დროს დამნაშავე დაზარალებულთან არ ამყარებს სექსუალურ კონტაქტს, არამედ იგი სხვაგვარი ქმედებით ახდენს 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გარყვნას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკური, ისე - ინტელექტუალური ქმედების სახით.
12. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხ. ს-მა ჩაიდინა სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, რადგან მისი ქმედება - შარვლისა და ტრუსის გახდა, სასქესო ორგანოს ამოღება და შემდეგ თ. ს-ის საბანზე ზემოდან დაწოლა, მისთვის ტუჩებში კოცნა და თავზე მოფერება - არ ქმნის საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან არ მომხდარა არც გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი და არც - ამის მცდელობა.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის საბანზე დაწოლა და ზემოდან ფიზიკური ურთიერთშეხება გვაძლევს არა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, არამედ - საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - გარყვნილი ქმედების ნიშნებს.
14. სასქესო ორგანოს დემონსტრირებასთან დაკავშირებით (სსკ-ის 141-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება) კი საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, კერძოდ, რომ აღნიშნულ ნაწილში გარყვნილი ქმედების სუბიექტური შემადგენლობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკციებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
15. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ხ. ს-ის ქმედებაში არ იკვეთება სექსუალური კონტაქტის გაუკუღმართებული ფორმით ჩადენის ნიშნები, მაგრამ ამავე დროს არსებობს გარყვნილი ქმედების შემადგენლობა, მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის N763 ცვლილების შესაბამისად), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლზე (2016 წლის 24 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია).
16. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ხ. ს-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოება, რომ ხ. ს-ის ბრალის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი მხედველობაში მიღებითაც საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით (2016 წლის 24 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას უნდა შეეფარდოს სანქციით განსაზღვრული მინიმალური სასჯელი და, შესაბამისად, უნდა შეუმსუბუქდეს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ხ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. ხ. ს. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით (2016 წლის 24 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) -თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ხ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ხ. ს-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან - 2016 წლის 24 ოქტომბრიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე