საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
2კ-730აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001976667

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№730აპ-18 ქ. თბილისი

უ. ვ.,730აპ-18 24 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ვ. უ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. უ-ას, - - ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 21 ოქტომბერს, №-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. დ-ამ 3 000 აშშ დოლარი ასესხა ბრალდებულ ვ. უ-ას დედას - მ. ბ-ეს. თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 21 ოქტომბერი. შეთანხმების საფუძველზე ნ. დ-ას ვალის დაბრუნებამდე უნდა ეცხოვრა მ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. ქ-ში, წ-ის ქ. №--ში. ვინაიდან მ. ბ. ვერ ახერხებდა ნ. დ-სათვის ვალის დაბრუნებას და არსებობდა უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე, ვ. უ-ამ ვალის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა ნ. დ-ას მოკვლა.

2017 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ვ. უ. შევიდა ქ. ქ-ში, წ-ის ქ. №-ში მდებარე ნ. დ-ას დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში, ანგარებითა და განსაკუთებული სისასტიკით, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, გულმკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ. დ-ას მიაყენა მრავალი ჭრილობა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით ვ. უ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლზე.

ვ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

ვ. უ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. უ-ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის თებერვალში, ღამის საათებში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუდგენელია), ქ. ქ-ში, წ-ის ქ. №-ში მდებარე ნ. დ-ას დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ოთახში, ვ. უ-ამ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, გულმკერდის, მუცლისა და კისრის არეში ნ. დ-ას მიაყენა მრავალი ჭრილობა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული გაახვია ადიალასა და ხალიჩაში, დააკრა რკინის ურიკაზე და გაემართა მდინარე კინტრიშის სანაპიროსკენ, სადაც მისვლის შემდეგ ურიკა ჩააგდო მდინარეში, ხოლო დანა გადააგდო იქვე, მახლობლად, მდინარის სანაპიროზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. უ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-ემ, რომელმაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ვ. უ-ას წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია გარდაცვალების მიზეზი და დრო, ასევე - ნ. დ-ას გვამზე არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილშემდგომი; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ნივთმტკიცებები გამორიცხავენ ვ. უ-ას ნ. დ-სთან კონტაქტს; დანის ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ ვ. უ-ას გენეტიკური პროფილი, ხოლო დანის პირზე არ აღინიშნება ნ. დ-ას სისხლის კვალი ან გენეტიკური პროფილი; სამედიცინო ექსპერიზის დასკვნით დაზიანებები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, თუმცა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ამოღებული დანით ნ. დ-სთვის ჭრილობების მიყენება, წარმოდგენილი არ არის; მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არაპირდაპირია და სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 და 82-ე მუხლებით დადგენილ სტანდარტს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ. ც-ემ და ითხოვა ვ. უ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ვ. უ-ას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ. უ-ას უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

10. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან ვ. უ-ას საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების, გარდა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის: მოწმეების - რ. ს-ის, მ. ზ-ის, რ. დ-ის, მ. გ-ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგნის ამოცნობის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთ დადასტურებულია ვიტალი უბილავას მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა როგორც მსჯავრდებულ ვ. უ-ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ისე - მისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების ნაწილში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა, ხოლო სასჯელის შეფარდებისას სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისე შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რის შესაბამისადაც, არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. მსჯავრდებულ ვ. უ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე