საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002084282
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№741აპ-18 ქ. თბილისი
ი-ი გ. 741აპ-18 24 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით:
გ. ი-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 1 აგვისტოდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ი-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ე. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 აგვისტოდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ა-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. ი-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა გ. ი-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 1,6119 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი,“ რასაც 2017 წლის 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, თ-ში, მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების დროს თან ატარებდა, რა დროსაც მისგან მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
ე. ა-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ე. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 9,2407 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი,“ რასაც 2017 წლის 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, თ-ში, --- ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების დროს თან ატარებდა, რა დროსაც მისგან მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გ. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. კასატორის მითითებით, გ. ი-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ისე შეადგინეს ოქმი, რომ თითქოს, მას ჰქონდა ნარკოტიკები. სასამართლომ ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა გ. ი-ს ნარკოტიკული ნივთიერება და განაჩენში მიუთითა, რომ მსჯავრდებულმა იგი დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა. ნ. ჩ-ის ჩვენება სრულად შეესაბამება გ. ი-ის ჩვენებას. სასამართლომ არ შეაფასა, რატომ არ დაასწრეს ჩხრეკას ნ. ჩ-ე.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. მოწმეების - ბ. დ-ის, მ. პ-ის, ტ. ა-ის, ნ. ა-ის ჩვენებებით, გ. ი-ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: გ. ი-ის პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსის თაობაზე).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე