საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002013057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №758აპ-18 ქ. თბილისი
კ. პ. 758აპ-18 4 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით პ. კ., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 28 აპრილიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 2300 საათზე, ს-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო. (წ.), თავის საცხოვრებელ სახლში, ვახშმობისას, პ. კ-ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუხდა მამასთან - გ. კ-სთან. ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა პ. კ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა მამის - გ. კ-ს გაზრახ მკვლელობა. ამ მიზნით მან მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა, რომელიც მამას დაარტყა გულმკერდის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც გ. კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულ პ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და პ. კ-ს გამართლებას.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ პ. კ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები - მათ შორის: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (გ. კ-ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, ჭრილობის არხის მიმართულებით - წინიდან უკან, მცირედ - ზემოდან ქვევით, ირიბად - მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიღრმეა 9.8 სმ) გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საფუძვლიანობას.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე