საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
2კ-761აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002200830

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№761აპ-18 ქ. თბილისი

კ. პ., 761აპ-18 31 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით პ. კ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

მსჯავრდებულ პ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 2:15 საათზე, თ-ში, გ-ის --ე კორპუსის ბინა N--ში, პ. კ-მა სახლის დაწვის მიზნით, განზრახ წაუკიდა ცეცხლი ამავე ბინაში არსებულ სხვადასხვა ნივთს, რის შედეგადაც სრულად დაიწვა მ. ა-ის კუთვნილი ბინა, ხოლო ნაწილობრივ დაზიანდა ამავე კორპუსში მდებარე: ს. ი-ას N-, ნ. ე-ის N-, ნ. ი-ის N-- და ლ. ქ-ის N- საცხოვრებელი ბინები. პ. კ-ის ქმედებით მ. ა-ეს მიადგა 25 520 ლარის ქონებრივი ზიანი, ს. ი-ას - 3 000 ლარის ქონებრივი ზიანი, ნ. ე-ს - 1480 ლარის ქონებრივი ზიანი, ნ. ი-ს - 1280 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო ლ. ქ-ეს - 300 ლარის ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა პ. კ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ტ-ემ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და პ. კ-ის ქმედების სსკ-ის 188-ე მუხლით დაკვალიფიცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი გამოტანილია დაზარალებულებისა და მოწმე მ. კ-ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე; პ. კ-ს სხვისი ნივთის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია და დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ პ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით) დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: მ. კ-ის, ვ. ბ-ის, პ. წ-ისა და ნ. ე-ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა (საკვლევად წარდგენილ ნამწვის ნიმუშებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციის კვალი. ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის ღიობიდან მარცხენა მხარეს, ხოლო ხანძრის გაჩენის მიზეზია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან, შესაძლოა, ნავთობპროდუქტთან), გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის (სიგარეტის მოწევის პროცესში ჩაეძინა და, სავარაუდოდ, ანთებული სიგარეტი ჩაუვარდა ტახტის უკან) საფუძვლიანობასა და რეალობას.

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე